იური ლუჟკოვს შავ სიაში შეიყვანენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის თქმით, მოსკოვის ყოფილ მერს, იური ლუჟკოვს შავ სიაში შეიყვანენ და ის საქართველოში ვეღარ შემოვა.
“მან თავხედური განცხადებებით მმართველ გუნდს პირდაპირი დარტყმა მოგვაყენა. მივიღებთ, როგორც გაკვეთილს, რომ მომავალში არ შემოვუშვათ ყოფილი თანამდებობის პირები, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე კითხვები აქვთ” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.
იური ლუჟკოვი მეუღლე ელენა ბატურინასთან და მეგობრებთან ერთად საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.
ისინი ქანდის მონასტერში არამეულ ენაზე ჩატარებულ წირვას დაესწრნენ. ინფორმაცია არქიმანდრიტმა სერაფიმემ facebook-ზე გაავრცელა.
იური ლუჟკოვმა და ელენა ბატურინამ დაათვალიერეს ვარძია, უფლისციხე, ბორჯომის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და გორში სტალინის სახლ-მუზეუმი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტუმრობდნენ საპატრიარქოსაც. ისინი თბილისში სომხეთიდან ჩამოვიდნენ.