მნიშვნელოვანისიახლეები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად

ე.წ. სასიგნალო იარაღთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

კანონპროექტის თანახმად, “იარაღის შესახებ” კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემ ორგანოს განესაზღვრება ვალდებულება, ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. აგრეთვე, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება.

როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პროექტის მიხედვით, შეიქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიითა და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი ელექტრონული ბაზა.

“ეს ბაზა იარსებებს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებს, ვისაც დასჭირდებათ ეს ინფორმაცია კონკრეტული მიზნობრიობით, ექნებათ მასზე დაშვება.

რაც შეეხება მიზნობრიობას, ესენია: იარაღის ნებართვის მიღება/გაუქმება და ამ შემთხვევაში ბაზაზე წვდომა შსს-ს ექნება; კერძო დაცვითი საქმიანობის დროს ლიცენზიის გაცემა; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემა ან ჩამორთმევა; ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რისკის შეფასების დროს შემაკავებელი ორდერის გამოცემა; დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის პირველადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება; თუკი პირს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემაში დასაქმება სურს და სამსახურებრივი საშტატო იარაღის გაცემის დროს”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ

ამათან ე.წ. სასიგნალო იარაღთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება.

სასიგნალო იარაღი, მისი ვაზნების დამზადება და ამ იარაღით ვაჭრობა ლიცენზირებული საქმიანობა იქნება. ამასთან, ნებართვას დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები: – ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით); უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა; სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი; უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში გადაადგილება; სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა; საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა).

ეს ყველაფერი ასახულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, ცვლილება “იარაღის შესახებ“ კანონის იმ ნორმებში აისახება, რომლებითაც იარაღის ლიცენზიასა და ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება.

სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ლიცენზიებს თავდაცვის სამინისტრო გასცემს, ხოლო ნებართვებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

ამასთან, სასიგნალო იარაღის შეძენის, მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის მოპოვებისთვის ასაკობრივი ცენზი დგინდება – აღნიშნული ნებართვის მოპოვების უფლება ექნება პირს 18 წლის ასაკიდან.

ამავე პროექტის ფარგლებში სასიგნალო იარაღის ტარების წესიც რეგულირდება. კერძოდ, სასიგნალო იარაღის ტარება დასახლებულ პუნქტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში, აგრეთვე სასიგნალო იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რა დროსაც იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი, ან იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის გამოყენება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, დაუშვებელი იქნება სასიგნალო იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button