იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ქართულ ოცნების ნათარგმნ ამერიკულ FARA-ს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია

არალეგიტიმურმა, ერთპარტიულმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ქართულ ოცნების ნათარგმნ ამერიკულ FARA-ს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ქართული ოცნების მიერ არალეგიტიმურ და ერთპარტიულ პარლამენტში 24 თებერვალს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA)დაარეგისტრირეს.
კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.
რეგისტრირებული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანია.
კანონპროექტში “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) გამოყენებულია ტერმინები: “აშშ-ის პრეზიდენტი”, “სახელმწიფო დეპარტამენტი”, “კონგრესი” და ა.შ. ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე ოცნების წევრებმა თქვეს, რომ უნდა დაკორექტირდეს, რადგან “სიტყვასიტყვით ნათარგმნია” და “სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს” შეიცავს.
“ოცნების” პარლამენტმა FARA და მედიისთვის ცენზურის დამწესებელი კანონპროექტები დაარეგისტრირა
“ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, კანონპროექტების მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებაა.
“რა თქმა უნდა ოპოზიცია, ამით უკმაყოფილო იქნება, ვინაიდან მათ ხელთ არსებული მედიასაშუალებები ტირაჟირებენ ტყუილებს, დეზინფორმაციას, აღვივებენ პოლარიზაციას ჩვენს საზოგადოებაში და მათ არ აწყობთ მისი კანონით დარეგულირება. ეს კანონით ისედაც იყო დარეგულირებული, ვხედავთ, რომ ამან არ იმუშავა.
რაც შეეხება დაფინანსებას, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, გარე ძალამ რატომ უნდა დააფინანსოს მედიასაშუალება. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ გარე ძალას ამ შემთხვევაში აქვს პირდაპირი ინტერესი იმისა, რომ იქონიოს ჩვენი მოქალაქეების რაღაცა აზრის ფორმირებაზე გავლენა”, – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
მმართველი გუნდის განმარტებით, მათ მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი და ამოცანა საჯარო სამსახურების გარე ჩარევებისგან დაცვაა.
საუბარია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ერთობლივ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მიხედვით, საჯარო მოხელეს დამატებით საგანმანათლებლო, პედაგოგიური თუ შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისთვის შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდება. ასევე, პირებმა, რომლებიც საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით არიან დასაქმებული, სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულების შემთხვევაში, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელისგან წერილობითი თანხმობა უნდა მიიღონ.
იგივე პრინციპი გავრცელდება მოსამართლეთა კორპუსზე.
საკანონმდებლო ცვლილებები დღეს, პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
როგორც „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო უწყებებში უცხო ქვეყნის ჩარევა არ ხდებოდეს.
„როდესაც უცხო ქვეყნის ორგანიზაცია ან საელჩო წყვეტს, თუ რომელი მოსამართლე მიიწვიოს სადღაც, ლექციებისთვის სამჯერ მეტი ანაზღაურება მისცეს, ვოიაჟები დაუფინანსოს და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოხდეს, ეს არის დაუშვებელი”, – განაცხადა სუბარმა კომიტეტის სხდომაზე.
თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დაადასტურა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი საჯარო სამსახურის შიდა და გარე ჩარევებისგან დაცვაა.
„საჯარო მოსამსახურეებს მთელი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ინსტიტუტების და საზოგადოების მიმართ და არა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც გარკვეული სარგებლის ან შემოსავლის სახით ახალ წყაროს გაუჩენენ და ამ წყაროდან გამომდინარე, მათზე იქნებიან დამოკიდებული.
ვალდებული ვართ, ქართული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. უნდა არსებობს პრევენციული მექანიზმები.
პირველადი არის საჯარო სამსახური. როცა სხვა გარე სამსახურთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევი, დიახ, ეს უნდა შეთანხმდეს დაწესებულების ხელმძღვანელთან!”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ საკომიტეტო განხილვისას.
ამერიკულ „ფარას“ კანონში, სადაც მითითებულია მაგალითად, „კონგრესის ბიბლიოთეკა“, ჩვენს შემთხვევაში კონგრესის ბიბლიოთეკა არ ეწერება – ჩვენი კანონის ტერმინთა განმარტებაში არც შეერთებული შტატების განმარტება არ იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ამავე კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ აღსრულებას უზრუნველყოფს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქართულ რეალობაში ასეთი, ფიზიკურად, არავინ არ არის, მაგრამ მთელი რიგი უფლებამოსილებები სხვადასხვა სამინისტროებსა თუ სახელმწიფო ორგანოებს შორის არის განაწილებული. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე კოლეგებო, გთავაზობთ, რომ აღმასრულებელი ამ კანონისა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციულმა ბიურომ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული თითოეული დებულების აღსრულება და კონტროლი.
რა თქმა უნდა, ჩვენს კანონში ვერ გვექნება კუბაზე, ჰავანაზე და სხვა საგარეო სამინისტროების მიერ მიღებულ აქტებზე [ჩანაწერი] და ასეთი ჩანაწერები, რა თქმა უნდა, ამოღებული იქნება საქართველოს კანონიდან. იმედია, ახლა მაინც არ იტყვიან ეს ადამიანები, რომ ასეთი ჩანაწერები რომ ამოვიღეთ, ეს ზუსტად ამერიკული „ფარა“ არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ იტყვიან. ადამიანებს, რომლებსაც შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი, მათ შორის, ამის თქმაც არ მოერიდებათ. მაგრამ დიახ, სადაც მითითებულია მაგალითად, „კონგრესის ბიბლიოთეკა“, ჩვენს შემთხვევაში კონგრესის ბიბლიოთეკა არ ეწერება, რა თქმა უნდა. ჩვენს კანონში არც შეერთებული შტატების განმარტება არ იქნება ტერმინთა განმარტებაში წარმოდგენილი,“ – განაცხადა გორდულაძემ.
ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია – “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ლანა გალდავა აცხადებს, რომ აშშ არის დემოკრატიული ქვეყანა და ავტომატურად ამერიკული კანონის საქართველოზე გადმოტანა არის დაუშვებელი.
“ეს არის აბსოლუტურად სხვა რეალობაში მიღებული კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის გახლდათ მეორე მსოფლიო ომამდე მიღებული და ემსახურებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვას კომუნისმისგან და ფაშიზმისგან. FARA-ც განიცდის ცვლილებებს, ახლაც კი ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დაანონსებული ცვლილებები FARA-ში.
რაც შეეხება თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის არის შემდგარი დემოკრატიის ქვეყანა, ამიტომ ავტომატურად ამერიკული კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოში მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება”“ მუდმივად საკანონმდებლო პროცესს იყენებს რეპრესიების მიზნით, არის დაუშვებელი”, – აცხადებს ლანა გალდავა.
მოსწონთ თუ არა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც დასავლური სამყარო ესაუბრება, სალომე ზურაბიშვილია, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა.
„დღეს 89 ადამიანი იკრიბება და თავის თავს უწოდებს პარლამენტს. მათ შეიძლება, სხვადასხვა მაღალფარდოვანი სახელები მოიგონონ, მაგრამ ცხადია, რომ 89 ადამიანი არალეგიტიმური არჩევნების შედეგად ვითომ და არის არჩეული, ვერ იქნება პარლამენტი. ამდენად, ის გადაწყვეტილება, რომელსაც ეს ადამიანები იღებენ, ცხადია, არის ასევე სრულიად უკანონო, არალეგიტიმური. დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც ესაუბრება დასავლური სამყარო, ესაუბრებიან პრეზიდენტები არის სალომე ზურაბიშვილი. ეს მოსწონს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ არა, ეს მოცემულობაა, რეალობა, ფაქტი. მათ შეუძლიათ, ერთმანეთი გაამხნეონ, დანიშნონ ერთმანეთი მინისტრებად, კომიტეტების თავმჯდომარეებად. თუმცა ეს ყველაფერი იქნება „ფეიკი“, რადგან ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და პარლამენტი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.