მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

იურისტთა ჯგუფი სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენების გასაჯაროებას ითხოვს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი სისხლის სამართლის განაჩენები გაასაჯაროოს.

პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, თბილისის საქალაქო სასამართლომ  დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფს უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გადაცემაზე.

“სასამართლოს ასეთი პრაქტიკა გამონაკლისი არ არის, სასამართლოები სისტემატურად აცხადებენ უარს კონკრეტული პირების მიმართ გამოტანილი განაჩენების გასაჯაროებაზე, მათ შორის ისეთ საქმეებზე რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უარი არის როგორც უკანონო, ასევე დაუსაბუთებელი. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას”, – წერია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, სასამართლომ ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე – 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.

სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს . ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი დაკავების შემდეგ შიმშილობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button