მნიშვნელოვანისიახლეები

ივანიშვილი არის მშვიდობისა და განვითარების გარანტი-ოცნება ბიძინას შესაძლო ტერაქტზე

„გლობალური ომის პარტიის“ ვერსიის შემდეგ, ვალდებული ვართ, ეჭვქვეშ დავაყენოთ ყველა ვერსია, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს-ოპოზიცია სუსის განცხადებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მოწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ დაწყებულ გამოძიებას ეხმიანებიან პოლიტიკოსები.
“ქართული ოცნების” დამფუძნებლის მკვლელობის სავარაუდო დაგეგმვა მმართველი გუნდისთვის ოპონენტების დესტრუქციული მიზნების მორიგი მტკიცებულებაა და მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის მხრიდან “თემის გაუბრალოების მცდელობა დამატებით კითხვებს აჩენს”.
[ტერორისტული აქტების მომზადება საქართველოში] გასაკვირი არც ის არის. გამოძიების თანახმად, ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი იკვეთება, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ფიზიკურად უკრაინაში იმყოფებიან – გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არა კეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, რადგან პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სუს-ის ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.
კობახიძის თქმით, საფრთხეები არსებობს და გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხეები საქართველოშიც აქტუალურია.
„რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, რომელიც სუს-მა გაავრცელა, არის უაღრესად შემაშფოთებელი, საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. თქვენ იცით, რომ ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაც იყო აღძრული. ეს ინფორმაცია შემაშფოთებელია იმ ფონზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ხდება – 2 ტერორისტული აქტი განხორციელდა, ერთი სლოვაკეთში, მეორე აშშ-ში.
ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, საფრთხეები არსებობს და გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხეები აქტუალურია.
თქვენ გახსოვთ, რომ შედგა სატელეფონო საუბარი ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით და ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც. უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ტყვიას ისროდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს „ქილერები“ ისვრიან. გაფრთხილებაც არსებობდა. ეს არის იყო ევროკომისრის გაფრთხილება, ეს იყო ერთგვარი „მესენჯერი“, რომ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე მოეწოდებინა. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ომთან მიმართებით უკავია, ასეთ პირობებში საფრთხეები არსებობს.
გასაკვირი არც ის არის, რომ გამოძიების თანახმად ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი იკვეთება, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ფიზიკურად უკრაინაში იმყოფებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქტების პრევენცია მოხდეს და ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი მმართველი პარტიის ლიდერი, ის არის პოლიტიკური გაერთიანების საპატიო თავმჯდომარე, ამის მიღმაც თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში და მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი.
აქ ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, ეს იყო ზოგადი გაფრთხილება და არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე საუბარი. აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი. გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არა კეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, რადგან პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის „ფეიკი“ და პროპაგანდაა ნებისმიერი პრევენცია, რაც ქვეყანას ტერორიზმისა და არეულობის გამოწვევისგან დაიცავს – სამწუხაროა, რომ რადიკალური, აგრესიული პოლიტიკური მიმდინარეობები მათთვის არასასურველი პოლიტიკური ლიდერებისთვის ამა თუ იმ ფორმით ტყვიის სროლას არ ერიდებიან! – ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილის თქმით, როდესაც სუს-ი ხედავს, რომ გარკვეული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის წინაპირობები არსებობს, ის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ტერორისტული აქტები აღიკვეთოს. უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, როდესაც საკმარისი მტკიცებულებები გროვდება და დანაშაული მომზადების ეტაპზე იხსნება, საბოლოო სამართლებრივ მიზნამდე მისვლაც ხდება.
“ეს არ არის ეჭვები. ჩვენ ამ რეალობაში ცხოვრება გვიწევს. ეს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის პირველი შემთხვევა არ არის. მიზანი ქვეყანაში მასიური ისტერიის დანერგვა და ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებაა.
ჩვენ მიხეილ სააკაშვილის და თემურ ალასანიას სატელეფონო საუბარი მოვისმინეთ, როცა ამბობდნენ, რომ უნდა მოიძებნოს კაცი, ვინც ესვრის და შუბლს გაუხვრეტს ანუ საუბარი იყო იგივე სცენარზე, რაც ტრამპის მიმართ განხორციელდა. ასევე, გვახსოვს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის აღკვეთა. ეს შეკვეთილი მკვლელობა და ტერორისტული აქტი იყო – ტერორისტული თავდასხმის კონტექსტში უნდა ყოფილიყო ის, რომ გიორგი გაბუნიამ პუტინს აგინა, ამის გამო პუტინმა მკვლელობა შეუკვეთა და ქვეყანაში ახალი ისტერია უნდა დაწყებულიყო. ასეთი ორსვლიანი სვლები საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიო.
ახლა არის კონკრეტული გამოძიება, რომელსაც, ალბათ, კონკრეტული მტკიცებულებები და ოპერატიული მასალა გააჩნია. სამწუხაროა, რომ რადიკალური, აგრესიულ პოლიტიკური მიმდინარეობები ამა თუ იმ ფორმით მათთვის არასასურველი პოლიტიკური ლიდერებისთვის ტყვიის სროლას არ ერიდებიან. ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინა არის საქართველოს წინააღმდეგ ათასგვარი პროვოკაციის დამგეგმავების არა თუ შემფარებელი, არამედ მათთვის სახელმწიფო იმუნიტეტისა და მაღალი თანამდებობის მიმცემი.
რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის “ფეიკი” და პროპაგანდაა ნებისმიერი პრევენცია, რაც ქვეყანას ტერორიზმისა და არეულობის გამოწვევისგან დაიცავს – ამ ქვეყნისთვის კი ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც უწყება ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა, “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობენ.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბევრჯერ აჩვენა პროფესიული მუშაობის მაღალი დონე და ეს ახლაც ასეა. ტერორისტული აქტები ადრეც არაერთხელ იქნა აღკვეთილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბევრჯერ აჩვენა პროფესიული მუშაობის მაღალი დონე და ეს ახლაც ასეა, რომ ნათელს მოჰფენს უსაფრთხოების სამსახური იმ ფაქტს, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ჰქვია, იმ ტერორისტული აქტით, რომელიც მზადდება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
იმდენად რეალურია დღევანდელი გამოწვევებით, მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რომ რაც თქვა უსაფრთხოების სამსახურმა, განცხადების სახით, სამწუხაროდ, ყველაფერი დადასტურდა.
ჯერჯერობით, მეტი ინფორმაცია არ არის, თუმცა რა ინფორმაციაც გვაქვს, დამადასტურებელია, რაზეც წლებია ვსაუბრობთ – ხელმოცარული და დამარცხებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, უკრაინაში მებრძოლისა და უცხოური ძალის სახით, ცდილობენ და, ალბათ, მომავალშიც შეეცდებიან რევოლუციურ სცენარებს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა – ოპოზიციის წარმომადგენლები, აღნიშნულთან დაკავშირებით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობენ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, მსგავსი ტიპის საკითხზე საუბარი არასერიოზულია. მისივე თქმით, ქვეყანაშ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს.
“პირველი – ძალიან არასერიოზულია ეს განცხადებები. მეორე – დღეს საქართველოში არის კატასტროფულად ძვირი ფასები, საშინელი უმუშევრობა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა “ქართულმა ოცნებამ.” ეს არის მთავარი, რაზეც უნდა ვისაუბროთ. ეს არჩევნები არის წყალგამყოფი, ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდებით თუ არაა და ამ ტყუილებს იგნორირება, იგნორირება და იგნორირება [სჭირდება]. მათ სისულელეებს ჩვენ არ უნდა ავყვეთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს, პარტია “საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის შეფასებით, მსგავსი მუხლით, გამოძიება არაერთხელ დაწყებულა, თუმცა, შედეგი არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა.
“ასეთი შეთქმულების თეორია ბევრი ვნახეთ და ვერსად ვნახეთ შედეგი. ვერსად ვნახეთ გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი საქმე. ამიტომ, ყველა ასეთ განცხადებას, იმისთვის, რომ მათ ნდობა მოიპოვონ, სჭირდება ფაქტები და მტკიცებულებები. ამის გარეშე, ეს განცხადება არის მორიგი განცხადება, რომელსაც საზოგადოების ნდობა ვერ ექნება. ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, ეს ყველაფერი ემსგავსება ერთადერთ რამეს – მათ დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული ხაზი,” – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

„გლობალური ომის პარტიის“ ვერსიის შემდეგ, ვალდებული ვართ, ყველა ვერსია ეჭვქვეშ დავაყენოთ, უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ფილმი მახსენდება, სადაც ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს თხრიან და ეს არის ბრალდება. არ ვიცი, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, მაგრამ „გლობალური ომის პარტიის“ ვერსიის შემდეგ, ვალდებული ვართ, ეჭვქვეშ დავაყენოთ ყველა ვერსია, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით. უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ. ჩვენი პოლიტიკოსების აზრით, ხალხის შეშინება მადლიანი საქმეა. ფიქრობენ, საარჩევნოდ ხალხს რაც უფრო შეაშინებენ, მით უფრო შეუყვარდებათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სუს-ის სცენარი გადატრიალების შესახებ უცვლელია! – ის, რაც ახლა „ქართული ოცნების” პროპაგანდას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად სჭირდება, შიშის დანერგვაა, – ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი თეონა აქუბარდია.
აქუბარდიას თქმით, 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც შს მინისტრმა ჭიკაიძემ “საბურავების რევოლუცია” დააანონსა, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება არაერთხელ დაიწყო, მაგრამ არ დასრულებულა. როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ასეთი გამოძიება შარშან შემოდგომაზეც დაიწყო.
“არც ერთი ამ გამოძიების დასრულება არავის ახსენდება, მით უფრო მაშინ, როცა სუს-ის მიერ გადატრიალების დაანონსების გამო “ოცნებამ” “შეკრების და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ანტიდემოკრატიული ცვლილებებიც კი შეიტანა, რაც პრეზიდენტის ვეტოთი შეჩერდა. ამიტომ სუს-ის მიერ ახალი გადატრიალების თუ შეთქმულების თეორიების ანონსი, სადაც მათი თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები ფიგურირებენ, რომლებიც დღეს უკრაინის სახელმწიფო სახელმწიფო სამსახურში არიან, ნიშნავს იმას, რომ სუს-ი გადატრიალების მოწყობაში უკრაინის კვალს ხედავს, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებს აგრესორი რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული.
მთელმა მსოფლიომ იხილა 2-თვიანი მშვიდობიანი პროტესტი “რუსული კანონის” წინააღმდეგ, ისევე როგორც დღეს მიმდინარეობს მშვიდობიანი მზადება არჩევნების გზით რუსეთის ინტერესების გატარებაში მყოფი მმართველი პარტიის შეცვლისა.
ასევე საგულისხმოა “ოცნების” პროპაგანდა ამ საქმესთან დაკავშირებით გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებით, რითაც ისინი დასავლეთის მტრობაზე აკეთებენ მორიგად აქცენტს. პრემიერი დაჟინებული აგრძელებს პროპაგანდას ევროკომისრის მიერ მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ, მიუხედავად სუს-ის უფროსის მიერ გაკეთებული განცხადებისა ამ საქმის უსაფუძვლობის შესახებ.
ფაქტი ერთია: – მშვიდობა მოაქვს ევროპულ ოჯახში გაერთიანებას, სადაც ომები არ არის, ხოლო ნგრევა და უბედურება რუსეთს, რომელზეც აკეთებს ფსონს “ქართული ოცნება”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ოპოზიციურ პარტიების ლიდერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც უწყება ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა.
“გირჩის” წევრს, ჰერმან საბოს არ სჯერა, რომ “ქართული ოცნების” წევრების წინააღმდეგ რაიმე სახის ტერორისტული აქტი მზადდებოდა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება რომ ჰქონდეს, პირველ რიგში, სწორედ მას “ააფრიალებდნენ”.
“ვიდრე ჩემი თვალით არ ვიხილავ დამამტკიცებელ საბუთს, რომ ასეთი რამ მართლაც მზადდებოდა, ვიხრები იმისკენ, რომ ეჭვი შევიტანო ამ ყველაფრის რეალურობაში და წარმოვიდგინო, რომ ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და არაა რეალური. “ქართულ ოცნებას” რომ დამადასტურებელი ფაქტები ჰქონდეს, თითქოს მათზე ვიღაც თავდასხმას ამზადებდა, მგონი, პირველი მაგას ააფრიალებდნენ”, – განაცხადა ჰერმან საბომ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება რუსული სტილის პროპაგანდაა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ.
“აბსურდული ბრალდებები და მუდმივი თავდასხმა უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის მაღალჩინოსნებისა და დასავლეთის წინააღმდეგ არის სწორედ ის, რამაც განაპირობა დასავლეთის პოლიტიკის ცვლილება. ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფორმაცია, რუსული სტილის პროპაგანდა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button