მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, პროგრესი უკან მიდის”

კონგრესმენები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს წერილით მიმართავენ და საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ კორუფციაზე შეშფოთებას გამოხატავენ.

“როგორც იცით, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით, ურთიერთობების ტრანსფორმაციის კუთხით, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო გლობალური სავაჭრო პარტნიორებისათვის ბაზრის მეტად ხელმისაწვდომობა, თავდაცვითი თანამშრომლობა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის”. – წერენ ისინი.

სენატორები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ესაუბრნენ და დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს “კერძო სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუარესების მონიტორინგის” კუთხით, განსაკუთრებით კი, ყურადღებას ამახვილებენ ამერიკულ კომპანიებზე.

ისინი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ურჩევენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, კონკრეტულად კი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან საუბარში გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:

“1. მოქმედი მთავრობა, რომელსაც პარტია ქართული ოცნება ხელმძღვანელობს რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მანიპულირებული, რომელიც ცდილობს გააძევოს ქვეყნიდან ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც საქართველოს და ამერიკის ეკონომიკებში წლებია წვლილი შეაქვთ. ეს კეთდება რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების გაზრდისათვის.

2. საქართველოში შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები კრიტიკულ ამერიკულ ეროვნულ ინტერესს უქმნის საფრთხეს, მათ შორის:

ა. ამერიკული კომპანიების განზრახ მოხსნა შავი ზღვის პორტის ინვესტიციებიდან და მფლობელობიდან, რის მიზანსაც რუსული და ჩინური გავლენებისგან საქართველოს იზოლირება წარმოადგენდა.

ბ. ირანის და რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გატარების არასრულფასოვნება, განსაკუთრებით, პორტთან დაკავშირებული აქტივობების და სხვა დაკავშირებული კერძო სექტორის ინვესტიციების კონტექსტში.

3. ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ არ მიუღია საჭირო საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობის და სამართლიანობისათვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის.”

წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები: მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, ბრაიან ბაბინი, უილ ჰარდი და რენდი უებერი. ის 27 ივლისით არის დათარიღებული.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარში, ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების აუცილებლად განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პომპეომ ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას ოქტომბერში და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები.

“სახელწიფო მდივანმა პომპეომ ასევე ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას, აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. მან შეაქო კონსტიტუციური ცვლილებებით მიღებული ნაწილობრივ პროპორციული საარჩევნო სისტემა და ხაზი გაუსვა ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების აუცილებლად განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა [პრემიერ-მინისტრს] გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის და მან [გახარია] სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა”. – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონგრესმენებს მთავრობისადმი კრიტიკული წერილები წარსულშიც არაერთხელ გამოუგზავნიათ. მათ შორის იყო მარკუეინ მალინის მიერ საქართველოს მთავრობისადმი გამოგზავნილი წერილი, რომელშიც მან მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. 19 იანვრით დათარიღებული ამ წერილით, კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

25 ივლისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, 244 ხმით 189-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა კანონპროექტი საგარეო ოპერაციებისა და დაკავშირებული პროგრამების შესახებ. სწორედ ამ კანონპროექტითაა გათვალისწინებული, რომ, შესაძლოა, აშშ-მ საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს.

როგორც დოკუმენტისთვის თანდართული შესწორებით ირკვევა, აშშ-ს “სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ჩარევისგან გათავისუფლების, გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონის და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით”.

შემდგომში სწორედ ამის მიხედვით გადაწყდება, მოაკლებს თუ არა აშშ საქართველოს დახმარების 15%-ს.

მსგავსი პოსტები

Back to top button