,,ივანიშვილი ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ,,-უილსონი
ბლინკენი აცხადებს, რომ დემოკრატიული უკუსვლა შემაშფოთებელია და ხელისუფლების ნაბიჯები უნდა შეიცვალოს
ბიძინა ივანიშვილი ომის დამნაშავე პუტინის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და თეირანის რეჟიმის მარიონეტია , – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის“.
უილსონის განცხადებით, ის ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ.
“ძალიან მიხარია აქ თქვენთან ერთად ყოფნა. მიხარია აქ საქართველოს ლეგიტიმურ ქალბატონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ყოფნა და მიხარია აქ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერებთან ერთად ყოფნა. ქალბატონი ლეგიტიმური პრეზიდენტისადმი მესიჯი მაქვს და ეს ამერიკული ტერმინია მისი შთამაგონებელი გამოსვლისთვის – “ამინ”. რამდენად შთამაგონებელი და რამდენად ცხადია მისი გამოსვლა…
ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს “მზადებაში მყოფნი” დიქტატორია, ომის დამნაშავე პუტინის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და თეირანის რეჟიმის მარიონეტია. ის იმისთვის იბრძვის, რათა საქართველო “დამპყრობლების ღერძის” გავლენაში მოახდინოს.
მარიონეტი პრემიერ-მინისტრი თეირანში მკვლელ რეჟიმთან შესახვედრად იყო ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას, ისევე როგორც ელჩი ნიკი ჰეილის მკვლელობას, რომელიც ასევე იყო მსხვერპლთა სიაში.
ვიცით, რომ ამ რეჟიმმა დიდი ღრმაწყლოვანი პორტის გეგმა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მისცა, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შეთავაზებების წინააღმდეგ. ის [ივანიშვილი] ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ, რომელიც იარაღის უზენაესობით ნარჩუნდება, ნაცვლად დემოკრატიისა კანონის უზენაესობით“, – განაცხადა უილსონმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში დემოკრატიის უკან დახევაზე საუბრობს. მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ ბლინკენი აცხადებს, რომ დემოკრატიული უკუსვლა შემაშფოთებელია და ხელისუფლების ნაბიჯები უნდა შეიცვალოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრიფინგი პარიზში, ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართა. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვა ეხებოდა დასავლელი მოკავშირეების ქმედებებს, მოლოდინებს და მაკრონის განცხადებას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საქართველოში, ახალი არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან.
“რაც აშშ-მა დაინახა საქართველოში, არის დემოკრატიული უკან დახევა. ეს ძალიან შემაშფოთებელია. ასე რომ, როდესაც დავინახეთ ეს დემოკრატიული უკუსვლა, დავინახეთ მთავრობა, რომელიც მოქმედებს იმ ხალხის მკაფიო ნების საპირისპიროდ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ვნახეთ არჩევნები, რომელმაც მრავალი კითხვა გააჩინა, ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიული ქმედებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, თავისუფლად და ღიად ისაუბრონ, ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც მივიღეთ ზომები. ჩვენ სანქციები დავუწესეთ პარტია “ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრებს, შევაჩერეთ აშშ-ის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, კანონის მიღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების სივრცეს, უნდა შეიცვალოს,” – აცხადებს ენტონი ბლინკენი.