მნიშვნელოვანისიახლეები

ივანიშვილის მესამედ დაბრუნება პოლიტიკაში- ოპოზიციამ ,,ოცნების,, ,,დამარცხებად,, შეაფასა

2024 წლის 21 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება

ლელოს ერთ-ერთი წევრი, გრიგოლ გეგელია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში “დაბრუნებას” აფასებს როგორც პასუხს იმ “შიშზე”, რომ ქართული ოცნება მარცხდება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი ცდილობს, მმართველი გუნდი “საბოლოო კრახისგან” გადაარჩინოს.
“როდესაც ჯამურად ოპოზიციას გააჩნია ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე გააჩნია ქართულ ოცნებას – და ეს აცვენა სწორედ გუშინ Edison Reseacrh-ის კვლევამ, რომ ქართული ოცნება არის გარანტირებული მარცხისთვის განწირული – რა თქმა უნდა, ივანიშვილის დაბრუნება არის პირდაპირ პასუხი ამ შიშზე, რომ ისინი დამარცხდებიან, რომ რუსეთის მსახური კრიმინალური რეჟიმი სულ მალე ჩამოიშლება და ახლა ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ გადაარჩინოს ქართული ოცნება საბოლოო და სრული კრახისგან”, – განაცხადა მან.

ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, „რა გაუკეთებია 11 წელიწადში [ბიძინა ივანიშვილს], კიდევ რომ აძლევს თავს უფლებას, მხარდაჭერა მოითხოვოს?!
„ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში! ხალხს ევროპა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა! მოვიგებთ მთავარ ბრძოლას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!
2018 წელს, ხალხმა გაიმარჯვა და ივანიშვილი „დაბრუნდა“ … ცრემლად დაიღვარა და ხალხს აყვავებას დაჰპირდა… თავისი „გაინაღდა“ და „წავედიო“ … კატასტროფა თუ არ მოხდა, მე აღარ დავბრუნდებიო და აგერ მისთვის კატასტროფა – ხალხმა გაიმარჯვა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი … კიდევ ერთი დიდი მარცხის შემდეგ, გამოძვრა სოროდან და ისევ ძალაუფლების დაკარგვის შიშით „შემობრუნდა“ … ჩვენმა სწორმა მუშაობამ, ხალხის აქტიურობამ და სააკაშვილის პროცესებში ჩართვამ, რუსული პარტია სრულად ჩამოშალა … რა გაუკეთებია 11 წელიწადში, კიდევ რომ აძლევს თავს უფლებას, მხარდაჭერა მოითხოვოს?!“,- წერს ხაბეიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე.

ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, რომ როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს პოლიტიკაში დაბრუნება დაგეგმილი ჰქონდა სექტემბერში, თუმცა გადაწყვიტა, რომ გაცილებით ადრე გადაედგა ეს ნაბიჯი.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის დაბრუნდა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებას დატოვებს.
„ხალხის გამარჯვებამ კანდიდატის სტატუსით 2023 წელს, აიძულა ივანიშვილი გამოჩენილიყო საჯარო სივრცეში, თორემ პოლიტიკიდან არსად წასულა. ხალხმა დაამარცხა “ქართული ოცნება” 1:0. ახლა გამოჩნდა, რათა ეს მათი მხარდაჭერის მძლავრი ვარდნა რაიმენაირად შეაჩეროს. მეორე არის ის, რომ პირად უსაფრთხოებაზეა მოტივირებული, 2018 წელი გაიხსენა და ჩემი მხრიდან ვეუბნები, რომ როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს. მას ეს სვლა დაგეგმილი ჰქონდა სექტემბერში, მაგრამ მოუწია გაცილებთ ადრე გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ დროზე გამოჩენილიყო საჯაროდაც. ხალხი გაიმარჯვებს 2024 წელს“,- აღნიშნა ვაშაძემ.

მგონია, რომ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის არაფერს ცვლის, გამოჩნდებოდა ის უფრო აქტიურად თუ შედარებით ნაკლებად, ამით არაფერი იცვლებოდა – მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ არასდროს არსად წასულა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ივანიშვილის გარეშე ეს პოლიტიკური არარაობები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საერთოდ არავინ არიან“.
„მგონია, რომ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის არაფერს ცვლის. ის გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დგას, ამ რეჟიმის, ანუ, ივანიშვილის რეჟიმის სახით, გამოჩნდებოდა ის უფრო აქტიურად თუ შედარებით ნაკლებად, ამით არაფერი იცვლებოდა. ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა გვჭირდება და არაპოპულისტური, არაშავრაზმული პოლიტიკური ძალების მიერ ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა. ახლა, საპატიო თავმჯდომარედ აირჩევენ თუ არ აირჩევენ, არანაირ ცვლილებას არ იწვევს ჩემს განწყობაში ამ პოლიტიკური ძალის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც ის ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს. მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ არსად წასულა არასდროს. აქაც ზედმეტ ფსიქო-ანალიზში შეცვლაც ზოგჯერ, დამაბნეველია იმ ადამიანებისთვის, ვინც ზედმეტს ანალიტიკოსობს. თავისთავად ამ ძალისთვის მის ძალაუფლების ვერტიკალში, იმის მუდმივად დაფიქსირება, რომ ივანიშვილის ძალა არიან, ეს ყოველთვის აუცილებელია. აბა ახლა, ივანიშვილის გარეშე ეს პოლიტიკური არარაობები საერთოდ არავინ არიან და რატომ ჩათვალეს ტაქტიკურად, რომ ამ ფორმით გაეკეთებინათ საპატიო თავმჯდომარის პოზიცია, არ ვიცი. არც მჭირდება, რომ ამაზე ზედმეტი ვიფიქრო, იმდენად უმნიშვნელოა ის იმ უზარმაზარი გამოწვევის ფონზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი მისი ამ ფორმით გამოჩენით თუ გამოჩენის გარეშე წარმოადგენს ქვეყნის მომავლისთვის. „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ივანიშვილის და მისი გარემოცვის ძალაუფლების შენარჩუნების თამაშს თამაშობს, ხშირად მისი ღალატის ხარჯზე. ეს არიას ის „თამაში“, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა“,- განაცხადა ბოკერიამ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში “დაბრუნება” ქვეყნის საბოლოო რუსიფიკაციას ემსახურება. მისივე თქმით, დღეს დადასტურდა, რომ ის არც არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან.
“დღეს საბოლოოს დადასტურდა, რომ რუსი ოლიგარქი არასოდეს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაშია არაფორმალური მმართველობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია. ბიძინა ივანიშვილი იყო და არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი და მისი პოლიტიკაში დაბრუნება არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ, საბოლოოდ ქვეყანაში ავტორიტარიზმი გაფორმდეს და მოხდეს ქვეყნის რუსიფიკაცია.
მინდა, ვუთხრა მას – ქართველი ხალხი 2024 წელს აღარ აირჩევს რუსეთს, აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და ემიგრაციას”, – თქვა ჯაფარიძემ ბრიფინგზე.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება.
როგორც გახარია სოციალურ ქსელ „X“-ში წერს, ივანიშვილის მხრიდან თავის მართლება სუსტი იყო.
„კარგია, როგორც იქნა ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა. თავის მართლება სუსტი იყო, გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!“, – წერს გახარია.

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ყოველთვის უკავშირდება კრიზისებს და თვითონაც აქვს ეს აღიარებული. დიდი კრიზისია ახლა მისთვის. ამ კრიზისისა და მოახლოებული კატასტროფის შიშმა აიძულა, რომ სამალავიდან გამოსულიყო, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის „დაბრუნება“ ემსახურება ოფიციალური მოსკოვის დამშვიდების მცდელობას, რომ საქართველოსა და რეგიონში მათი ინტერესების გატარებას საფრთხე არ დაემუქრება.
„პოლიტიკაში რა დაბრუნებულა, არც არასად წასულა, ყოველთვის იყო პოლიტიკაში, მაგრამ სამალავის რეჟიმში და ახლა ამ სამალავიდან იძულებული გახდა, რომ გამოსულიყო. ამ გამოსვლის ყველაზე მკაფიო მიზანი არის, რომ მოსკოვი დაამშვიდოს, რომ მოსკოვის ინტერესებს საქართველოში არ დაემუქრება საფრთხე, რომ ის აკონტროლებს ვითარებას, ეს არის მისი გამოსვლის მთავარი სათქმელი. ფაქტია, რომ მისი გუნდის 18-თვიანი და ძალიან ბინძური კამპანია, რომლის ამოცანა იყო, ჩაეგდო კანდიდატის სტატუსი და ისე ჩაეკლა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რომ ევროპას ეთქვა უარი ქართველ ხალხზე და ამას ქართველი ხალხის გულაცრუება გამოეწვია, ეს ოპერაცია მათ ჩაუვარდათ და ახლა მარტის მოვლენები, მას შემდეგ და იქამდე არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში ევროპული სულისკვეთების საზოგადოებამ დაამარცხა რუსული ხელისუფლება. ამიტომ ივანიშვილი გამოდის, რომ რუსეთს უთხრას, რომ არ ინერვიულოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა გაიმარჯვა ამ რაუნდში და მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი მივიღეთ, მე ვაკონტროლებ ვითარებას და თქვენს ინტერესებს აქ საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა ბიძინა ივანიშვილი რას განაცხადებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, როდესაც ფაქტია, რომ ის რუსეთის ინტერესების მსახურია საქართველოში.
„ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ივანიშვილი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ჯერ ერთი მრავლისმთქმელია, რომ მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება ვზეიმობდით და აღვნიშნავდით კანდიდატის სტატუსის მიღებას, მან საჭიროდ არ ჩათვალა, რომ ამ მოვლენას გამოხმაურებოდა და საზოგადოებისთვის მიელოცა. მერე რა რომ ამბობდა, პოლიტიკაში არ ვარო, რაც დადასტურდა რომ ასევე ტყუილია. ამიტომ რას იტყვის დღეს ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ის რუსეთის ინტერესების მსახურია საქართველოში და ყველანაირი ძალითა და ინსტრუმენტით მისი პოლიტიკური გუნდი ეწინააღმდეგებოდა ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. მათ არ რცხვენიათ, მაგრამ ქართული კულტურისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ასეთი მარტივი არ არის, რომ მამლის ყივილამდე და მამლის ყივილის შემდეგ, ეს ხალხი მუდმივად ტყუილებს ამბობს. გვახსოვს როგორ ამტკიცებდნენ, რომ არანაირი კომუნიკაცია, კონტაქტი და გავლენა მას არ ჰქონდა პოლიტიკაზე და დღეს თავად უარყვეს და თქვეს, რომ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ კომუნიკაცია და ის ერეოდა პოლიტიკაში. ალბათ, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ჰქონდათ შოვის მოვლენების დროს, სწორედ ივანიშვილს ეკუთვნის ის ყოვლად არაადამიანური გზავნილი, ალბათ, ვვარაუდობ, ეგ სიბრძნე ურჩია ეთქვათ, რომ ვინც გადარჩა გადარჩაო, ეს იყო მათი კრიზისიდან დასხლტომის რეცეპტი, ალბათ“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ის ასევე კორუფციასთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ გზავნილებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა იცის, რომ კორუფციის ის ხარისხი, რომელშიც მმართველი პარტიაა ჩაძირული, მათ ამომრჩეველსაც კი ძალიან აბრაზებს.
„ქართული ოცნება“ იმდენად ჩაძირულია კორუფციაში, რომ მათ იციან, რომ ის ხარისხი კორუფციის, რა ხარისხშიც არიან ისინი გახლართულები, მათივე ამომრჩეველსაც უკვე ძალიან აბრაზებს – როდესაც პრემიერი ტყეს ჩუქნის ცოლს, როდესაც პირად საქმეზე სახელმწიფო თვითმფრინავით მიფრინავს, როდესაც ცოლის დაბადების დღეზე საჯარო მოხელეები გარეთ კარისკაცებივით ჰყავს დაყენებული, პროტოკოლის თანამშრომლები და ა.შ. როდესაც ასიათასობით ღირებულების მანქანებს ყიდულობენ და გამოცხადებული აქვთ კონკურსი, ვინ უფრო დიდ ჯიპზე დაჯდება ანუ მან კარგად იცის, რომ კორუფციამ გააბრაზა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც კი. თუმცა ის გამოსავალი, რომელიც მან შესთავაზა საზოგადოებას, არის დანაშაულზე ხელის დაფარება და არა გამოსავალი, იმიტომ, რომ კორუფცია არ არის ადამიანური ცდუნება, ეს არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. და თუ შენ კარგი ხელისუფალი ხარ, აშენებ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომლებმაც უნდა მოახდინოს კორუფციის პრევენცია და თუ კორუფციული ფაქტები ხდება, მათი გამოძიება და მართლმსაჯულებაში მიცემა შესაბამისი კორუმპირებული პირის, ვინც არ უნდა იყოს ის. როცა შენ ცუდი ხელისუფალი ხარ, მაშინ ამბობ, რომ მე ვიქნები გარანტი, რომ არ მოხდება კორუფცია და გინდა, რომ ამით მოიტყუო ადამიანები. მაგრამ ჩვენ ივანიშვილის ბევრი დაპირება ვნახეთ, მათ შორის, ღარიბაშვილი პირველ ჯერზე კორუფციის გამო გაუშვა და დაგვპირდა, რომ ეს აღარ მოხდებოდა. ამიტომ მის დაპირებას არანაირი ფასი არ აქვს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის პოლიტიკაში „დაბრუნება“ კარგია როგორც საზოგადოებისთვის ასევე ოპოზიციისთვის.
„ეს კარგია საზოგადოებისთვის, სიცხადეა, იმიტომ, რომ ის კარგად ხედავს, რომ მთელი ამ უმსგავსობის უკან დგას ივანიშვილი და არა რომელიმე ცალკე აღებული ჩინოვნიკი. ოპოზიციისთვის ძალიან კარგია ეს სიცხადე და მკაფიოობა იმიტომ, რომ მკაფიოობას ყოველთვის ერიდებოდა ხელისუფლება და ახლა ისე გაუჭირდათ, რომ იძულებულები გახდნენ, გამოსულიყო ივანიშვილი სამალავიდან. ჩვენ ვართ ძალიან ფოკუსირებული და ჩვენი მთავარი ამოცანა უცვლელი რჩება – რუსული ხელისუფლების გაშვება და ხელისუფლებაში მოსვლა დემოკრატიული ძალების, რომლებიც საქართველოს ინტერესებს მოემსახურებიან და არა მოსკოვის ინტერესებს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაში ვხედავ მხოლოდ პირად მოტივებს, შფოთვებსა და რისკებს – დღეს „ქართული ოცნების“ლიდერებს ძალიან ცუდად დაეძინებათ იმიტომ, რომ არ იციან, რომელს დაეტაკება. ვიღაცას რომ აუცილებლად დაეტაკება და ხორცის მანქანაში გაატარებს, ეს ცხადია,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება შეაფასა.
ხუხაშვილი ივანიშვილის დაბრუნებაში პოლიტიკურ ლოგიკას ვერ ხედავს და ასახელებს ორი მიზეზს, რის გამოც, მისი აზრით ივანიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. უფრო კონკრეტულად, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილმა, ერთი მხრივ, პირადი კეთილდღეობა დააზღვია, მეორე მხრივ კი, ძალაუფლების დაკარგვის რისკები გაუჩნდა და გადაწყვიტა, „ხელით მართვის მეთოდით დააბრუნოს სისტემაში სტაბილურობა“.
„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ლოგიკა არ არის. „ქართულ ოცნებას“ დღეს მისი პოლიტიკაში დაბრუნება საარჩევნო მიზნებისთვის არაფერში სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ლოგიკას აქ ვერ ვხედავ, ვხედავ მხოლოდ პირად მოტივებს, პირად შფოთვებსა და რისკებს. ალბათ, ეს გახდა განმაპირობებელი მისი ამ გადაწყვეტილებისა. ამ პირად მიზეზებში ორ ძირითად ბლოკს გამოვყოფ, რაზეც მან ირიბად ისაუბრა და გარკვეულწილად აღიარა კიდეც, რის გამო ბრუნდება, თუმცა, შეეცადა კონტექსტი შეეცვალა. შევეცდები სწორი კონტექსტი წარმოგიდგინოთ, რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი.
პირველი, ეს არის ის, რომ მას პრობლემები აქვს პირად კეთილდღეობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, სამომავლოდ ამასთან დაკავშირებით სერიოზული შფოთვები ჰქონდა და ამის პრევენცია გადაწყვიტა პოლიტიკური იმუნიტეტის შეძენის გზით. უცნაური იქნება, რომ ვიღაცამ იფიქროს პარტნიორი ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარის სანქცირებაზე. ეს ძალიან გაუგებარი იქნებოდა. მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში, თუ ის არაფორმალურ მმართველობას შეინარჩუნებდა, ეს [სანქცირება] დღეს თუ არა ხვალ, აბსოლუტურად რეალური შეიძლება გამხდარიყო. ასე რომ, ამ ნაბიჯით ამის პრევენცია მოახდინა, საკუთარი კეთილდღეობა დაიცვა. ნუ ჩავთვლით, რომ ეს მისი ბოლო გაჩერებაა. შესაძლოა, დღეს საპატიო თავმჯდომარე გახდა, მაგრამ ხვალ შეიძლება ვიხილოთ პრემიერის რანგში, ან ვვარაუდობ, რომ უფრო, შესაძლოა პრეზიდენტის რანგში ხედავდეს თავის თავს. მისთვის პრეზიდენტის რანგში ქვეყნის მართვა ყველაზე კომფორტული იქნებოდა, როდესაც ყოველდღიური მუშაობა არ გიწევს, მაგრამ მასთანავე ხარ სახელმწიფოს მეთაური და შეგიძლია, ტელეფონით მართო ყველაფერი. ეს ერთი მიზეზია და ასევე არის მეორე მიზეზიც, რაზეც დღეს მან ასევე ირიბად ისაუბრა: „ქართულ ოცნებაში“ გაჩნდა გარკვეული ინტერეს-ჯგუფები, რომლებმაც დიდი ფული იშოვეს და დიდ ფულს დიდი ამბიციები მოაქვს. როგორც ჩანს, ამ ადამიანების დისტანციიდან მართვა საკმაოდ პრობლემატური გახდა. შესაბამისად, მას სისტემის შიგნით ძალაუფლების შესუსტების, ძალაუფლების დაკარგვის რისკები გაუჩნდა. არა იმდენად პარტიული კუთხით, არამედ ინტერეს ჯგუფების კუთხით, რომელთაც მისი ფული აღარაფერში სჭირდებათ, რადგან თავისი ფული აქვთ. შესაბამისად, მათი მართვა უკვე პრობლემატური გახდა და გადაწყვიტა, ხელით მართვის მეთოდით დააბრუნოს სისტემაში სტაბილურობა.
მას მაგიდასთან ლეგალურად დაჯდომის უფლება გაუჩნდა და ველოდები, რომ რაღაცები დატრიალდება. ერთი-ორი ვიღაც დაისჯება და ის დაიწყებს ახალ სისტემაზე კონტროლის აღდგენას ხელით მართვის რეჟიმში. შესაძლოა ვიღაც დაიჭიროს კიდეც. არ ვსაუბრობ მაინცდამაინც თანამდებობის პირებზე. ინტერეს-ჯგუფები ბევრად უფრო სერიოზული სისტემებია. შეიძლება, არ დაიჭიროს ის, ვინც ჩანს, მაგრამ მაგალითად, დაიჭიროს მისი პარტნიორი და ამით ის ადგილზე მოსვას. აქ მილიონნაირი ტექნოლოგია შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ეს ორი ძირითადი მოტივია და ორივე უკავშირდება მის პირად კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ის დღეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების პრობლემას წყვეტს და არა სახელმწიფოებრივს, ან რაიმე ტიპის პოლიტიკურს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის საქმის კურსშიც, დიდი ალბათობით, დღემდე არ იყო სისტემა. დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს ძალიან ცუდად დაეძინებათ იმიტომ, რომ არ იციან, რომელს დაეტაკება. ვიღაცას რომ აუცილებლად დაეტაკება და ხორცის მანქანაში გაატარებს, ეს ცხადია. ეს იციან და ამას ხვდებიან, მაგრამ ვინ იქნება, ეს არ იციან. ამიტომ ყველა ცუდი მოლოდინის რეჟიმშია გადასული“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილის გადაწყვეტილება კარგია როგორც ქვეყნისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
„ზოგადად, ქვეყნისთვის მისი ეს გადაწყვეტილება კარგია. ჩრდილოვანი მმართველობა ძალიან აზიანებს ქვეყანას. თუ შენ მართავ ქვეყანას, ჯობს შენი ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს. თუ რაღაცას აკეთებ, პასუხისმგებლობაც შენი უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილი რაღაცას აშავებდეს და ჩვენ იძულებული ვიყოთ, აქციებს ღარიბაშვილს ვუწყობდეთ, რომელიც ერთი ფოსტალიონი კაცი და გაუგებრობაა, არასერიოზულია. ეს ძალიან აზიანებს სახელმწიფოს.
ოპოზიციისთვისაც კარგია, რადგან რეალური სამიზნე უკვე გამოკვეთილია. ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯით, გარკვეულწილად, პოლიტიკური წესრიგი დაბრუნდა. ვინ ვინ არის, ყველას თავისი სახელი ჰქვია და არა ისე, რომ არის და თან არ არის. რელიგიაში იყო გადასული – ადამიანი, რომელიც ყველგან იყო და თან არსად იყო. პოლიტიკა ხომ რელიგია არაა. დავბრუნდეთ მიწაზე და რეალური, ჯანსაღი პოლიტიკა ვაწარმოოთ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სასარგებლო პარტიული რეიტინგის მიმართულებით საარჩევნო მიზნებისთვის, გია ხუხაშვილი არ ფიქრობს, რომ ამ მხრივ სერიოზული ცვლილებები იქნება.
„არ მგონია, რომ სერიოზული ცვლილებები იყოს. მითუმეტეს, გრძელ თამაშზე ვსაუბრობთ. ჯერ არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. რაღაც რყევა დღეს ალბათ იქნება, მაგრამ ეს რყევა მნიშვნელოვანი არ იქნება. საქართველოში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ფიქრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასული იყო. გამოჩნდა ის, რაც ისედაც ვიცოდით. რამე ახალი იყო? ბიძინა მართლა წასული ეგონა ვინმეს? არავის ეგონა. მიყრუებულ სოფელშიც კი, ადამიანს, ვინც ტელევიზორსაც არ რთავს, რომ ჰკითხოთ, გეტყოდათ, რომ ბიძინა არის მამამარჩენალი. ახლა მარტო მამამარჩენალი კი არაა, არამედ ახლა არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, თუნდაც საპატიო “,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება – ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე “დაბრუნებაა”.
ივანიშვილმა მისი “დაბრუნების” რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა – მათ შორის დაასახელა ოპოზიციის “არარსებობა” და “ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button