მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ივანიშვილის ნათესავის მოგებული ტენდერები

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა, მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით, 16 395 501 ლარი მიიღო. ამ მონაცემებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევა შეიცავს. მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანაშვილის მულის ქმარია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მურმან ტოგონიძე ტენდერებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს, ხოლო შპს “მშენინვესტი”, რომლის 100%-იან წილს ფლობდა, სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ 2016 წელს მონაწილეობდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევით, ინდივიდუალურმა მეწარმემ, მურმან ტოგონიძემ 97 ტენდერიდან, 69 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 14 998 590 ლარი შეადგინა.

2016 წელს “მშენინვესტი” სახელმწიფო შესყიდვებში 31-ჯერ მონაწილეობდა, 21 შემთხვევაში გაიმარჯვა და ჯამურად, 1 008 798 ლარი მიიღო.

მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია (70 ტენდერი და 3 გამარტივებული შესყიდვა). შემსყიდველები არიან ჭიათურის და ბაღდათის და ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მურმან ტოგონიძესა და “მშენინვესტს”, 90 მოგებული ტენდერიდან, 42 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყავდათ. “20 შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტმა ვაჭრობისას დაბალი ღირებულება დააფიქსირა, თუმცა სატენდერო კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება მურმან ტოგონიძესთან გააფორმა.” 9 შემთხვევაში, მურმან ტოგონიძემ ტენდერი მოიგო დაბალი ფასის მითითებით, თუმცა ხელშეკრულების ღირებულება მოგვიანებით გაიზარდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლონ მურმან ტოგონიძისა და შპს “მშენინვესტის” მიერ მოგებული ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ტოგონიძისა და მისი კომპანიისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავდა თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button