ივანიშვილის პრემიერ მინისტრმა ალბანეთში სამიტის ფარგლებში შეხვედრები ორბანთან ფიცოსთან და ვუჩიჩთან გამართა

“ოცნების” პრემიერი ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სერბეთის პრორუს პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.
“მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.” ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში, პუტინის აღლუმს ესწრებოდა.
კობახიძე შეხვდა კიდევ ერთ პრორუს ლიდერს, სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს, რომელიც ასევე იმყოფებოდა მოსკოვში, აღლუმზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას, ასევე ორი ქვეყნის საერთო გამოწვევებს.
„პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოლაპარაკებები გამართა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთანაც:
“მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება .” ადმინისტრაცია.
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში თემაზე – “ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება”.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ძლიერი მსოფლიოსთვის და ბოლოდროინდელ ტენდენციებს შემაშფოთებელი უწოდა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ამავდროულად, ევროპა კარგავს ძალას, იყოს ძლიერი მოთამაშე და დაიცვას პარტნიორები.
ამ კონტექსტში პრემიერმა უკრაინის მაგალითზე ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში სხვა ქვეყნებს დაცვის გარანტია ვერ ექნებათ.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მრავალი კრიტერიუმით უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების იმიჯისთვის დამაზიანებელია.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება და ევროპა გაძლიერდება, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ გაერთიანებული სამეფოსა და შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრები, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები, საბერძნეთის, უკრაინის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები და ეუთოს გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ.
EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება დაუთმო იმ უსამართლობას, რომელიც საქართველოს მიმართ არის და რომელიც უნდა შეიცვალოს.
“სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსაზრებების გაცვლისა და ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და, ასევე, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების საშუალება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, საქართველოს თანამშრომლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.
ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში გვქონდა გამოსვლის საშუალება. სიტყვით გამოვედი სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრე ევროპის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს გადმოსახედიდან, ასევე საუბარი მქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ხაზი გავუსვით იმას, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.
სამიტის მონაწილე ლიდერებს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მასპინძლობს.