“ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს აშშ-ის საელჩო უსმენს”

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს აშშ-ის საელჩოში უსმენენ. შესაბამისი განცხადება სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას გააკეთა.
„20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, რადგან ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას. ეს გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი. ისმენს, მუშაობენ ისე. ის არ დატოვებდა ფაქტს სატელეფონო საუბარში, რომ ესროლეთო. გამოუშვა ანზორ ჩუბინიძე და ანზორ ჩუბინიძემ გასცა.” – განაცხადა სანიკიძემ.
მოისმინეთ გუბაზ სანიკიძის ხმა.
აღნიშნულ განცხადებას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა. ელჩი ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძის განცხადებას აშშ-ის საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის საუბრების მოსმენაზე აბსურდსა და ტყუილს უწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია.” – განაცხადა დეგნანმა.