მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ივანიშვილმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“

შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. საელჩოს განცხადებაში ნახსენები არ არის ირაკლი კობახიძე.

საელჩო წერს, რომ სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა „შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ“.

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს, ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური შემობრუნების ფონზე აშშ-სა და საქართველოს მთავრობების ურთიერთობებმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

ვაშინგტონი თბილისს დემოკრატიული უკუსვლასა და ანტიდასავლურ ნაბიჯებზე მიუთითებს, თბილისი კი მას „გლობალური ომის პარტიის“/„დიპ სტეიტის“ შესახებ შეთქმულების თეორიით უპასუხებს.

საელჩოს განცხადების წინა საღამოს, 27 მაისს, მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, მიულოცა (მოგვიანებით კიმბერლი ლოუმ – რომელსაც რესპუბლიკური პარტიის წევრობის გარდა, ფორმალური კავშირები არ გააჩნია ტრამპის ადმინისტრაციასთან, – განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ყაველაშვილს წერილი მისი ჩართულობით მისწერა).

26 მაისს დამოუკიდებლობის დღე „ქართველ ხალხს“ მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ისე, რომ ხელისუფლება არ უხსენებია. კობახიძემ ამასთან დაკავშირებით 27 მაისის დილას განაცხადა, რომ „დიპ სტეიტი მძლავრობს“.

27 მაისს საღამოს კი – ყაველაშვილისადმი ტრამპის მილოცვის შემდეგ – კობახიძემ თქვა: „ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი განსხვავებული წერილი, პირველი იყო დაწერილი „დიპ სტეიტის“ მიერ და მეორე — ტრამპის ადმინისტრაციაში“. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტრამპის მეორე ვადით არჩევისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ პირველი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით 21 მაისს გააკეთა და „ანტიამერიკულ მთავრობაზე“ ისაუბრა:

„არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს“, – თქვა რუბიომ „მეგობარი აქტის“ თანაავტორის, კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვაზე პასუხად.

ირაკლი კობახიძემ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს.

კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“.

21 მაისს კობახიძემ თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“.

6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act).
შეერთებულ შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში სანქციები დაუწესა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებსა და, ბოლოს – მილიარდერ ექსპრემიერს, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია, -“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს განცხადებას პასუხობს

მსგავსი პოსტები

Back to top button