მნიშვნელოვანისიახლეები

ივანიშვილმა “მტკვარი ჰესი” გაყიდა-საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი

კორუფციის მკვლევარი, ირაკლი აბესაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა კიდევ ერთი ქონება – “მტკვარი ჰესი”. მისი აზრით, აშკარაა, რომ ივანიშვილი ამ გზით რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს “გააქეშებს”. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები გასაიდუმლოებულია. შეთანხმება შპს “მტკვარი ჰოლდინგსა” და სს “ჰიდროჯენიუსს” შორის 16 ივლისს დაიდო.
“აგრძელებს ბიძინა ქონების “გაქეშებას”.

მისი თქმით, ფასი გასაიდუმლოებულია.

“ამჯერად მტკვარი ჰესი გაყიდა, რომლის მშენებლობაზე 236 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო (სხვათაშორის ივანიშვილის ვარაუდით მისი ფული გაიფლანგა და ჰესის მშენებლობის საკითხს პროკურატურა სწავლობს).

ფასი გასაიდუმლოებულია, მაგრამ აშკარაა, რომ ივანიშვილი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს “გააქეშებს”.
რატომ ყიდის ივანიშვილი მომგებიან ბიზნესს, ასევე ქონებას, რომელსაც ათწლეულები აგროვებდა?! აშკარაა, რომ არჩევნებზე ივანიშვილი ყველანაირ ბინძურ მეთოდს გამოიყენებს, მის მორჩილებაში მყოფ სტრუქტურებს ბევრ დანაშაულს ჩაადენინებს და ყველაფრის ფასად ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა, როგორც ჩანს, თავისთვის მაინც აქვს გონებაში გეგმა ,,ბ” – ჰოდა წასვლისას ქეში ჯობია, ჰესს ვერ წაიღებ…აი დანაშაულის ჩამდენ ჩინოვნიკებს და კრიმინალებს ნამდვილად აღარავინ ეყოლება ,,მიმხედავი”, – წერს აბესაძე.

მოგვიანებით მან მედიასთან თქვა, რომ ივანიშვილს, როგორც ჩანს, აქვს “გეგმა ბ”, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას ძალაუფლების დათმობა მოუწევს, მას ურჩევნია ჰქონდეს ფული, რომელსაც ადვილად წაიღებს მისთვის ხელსაყრელ ქვეყანაში.

სს “ჰიდროჯენიუსი” 2024 წლის თებერვალში დაფუძნდა. კომპანიის მფლობელები არიან სს „ლეტერენ“ (თინა ბარბაქაძე) და სს „გრევითი ინვესთმენთს“ (კობა ჩეკურიშვილი). კობა ჩეკურიშვილია „ჰიდროჯენიუსის“ დირექტორიც.

“მტკვარი ჰესი“ ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე შენდება.თანაინვესტირების ფონდი ამ ჰესით დაინტერესდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2014 წელს – ფონდმა ჰესი შეისყიდა და მშენებლობა განაახლა. მასში 236 მილიონი დოლარი ჩაიდო.

თანაინვესტირების ფონდის ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჰესი წლიურად საშუალოდ 259,8 მლნ კვტ.სთ-ს გამოიმუშავებს, რაც საქართველოს მთლიანი ელექტრომოხმარების 1,8%-ია. პროექტის დასრულება წელს იგეგმება.

ჰესის გაყიდვის ფასი, გადახდის პირობებისა და მხარეთა ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრში არ გამოჩენილიყო, მყიდველმა და შემსყიდველმა ქონების გადაფორმებამდე დადეს „ვრცელი ხელშეკრულება“.

„ყველა კერძო საინვესტიციო ფონდის ინტერესი ინვესტიციის განხორციელება და შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით კომპანიის საინვესტიციო წილის გასხვისებაა. ჩვენ რამდენიმე პროექტში სწორედ ამ ეტაპზე მივედით და ვაწარმოვეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ინვესტორებთან. „მტკვარი ჰესის“ პროექტის გასხვისებაც სწორედ ამის მაგალითია“, – უთხრეს მედიას თანაინვესტირების ფონდში.

შეგახსენებთ „მტკვარი ჰესის“ გაყიდვის შესახებ ინფორმაცია „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჟურნალისტებისთვის ის არის ხოლმე პირველწყარო ივანიშვილის ქონების რეალიზაციის საკითხებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ [ბიძინა ივანიშვილი] ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს იზამს, თეორიულად მისთვის არაფერია გამორიცხული, მათ შორის ისიც, რომ ქვეყნის დატოვება მოუწიოს… უძრავი ქონების სხვა ქვეყანაში გადატანა შეუძლებელია, ფულის – მარტივია“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი აბესაძე, რომელიც წლების წინ თბილისის მერის მოადგილე იყო და ფლობს ინფორმაციას სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით.

სწორედ მისგან გახდა ცნობილი, რომ „მტკვარი ჰესამდე“ ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა მიწები თბილისში, ცათამბჯენების მშენებლობის უფლებით.

„მტკვარი ჰესის“ მშენებლობა იყო საკითხი, რამაც ბიძინა ივანიშვილს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩინა, – თქვა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ 2023 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. გამოძიება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს, 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება.
ივანიშვილის ადვოკატი წიქვაძე გასულ წელს ამბობდა, რომ „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო ხარჯები, თავდაპირველ გათვლებთან შედარებით, 100 მილიონი დოლარით გაიზარდა და 235 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც, „სავარაუდოდ, განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით“. გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია, მას კრიპტოვალუტის საქმეზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გადახდა შეუფარდა.

თანაინვესტირების ფონდი ამბობდა, რომ 2014 წელს პროექტი სრულად შეისყიდეს და მშენებლობა განაახლეს. პროექტი 2024 წლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო

მსგავსი პოსტები

Back to top button