მნიშვნელოვანისიახლეები

ივანიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო

ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქართველი და მმართველი პარტიის დამფუძნებელია

2024 წლის მოწვევის სადავო პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატის თანამდებობას 15 დღის განმავლობაში იკავებდა, თუმცა საჯარო მოხელისთვის გათვალისწინებული დეკლარაცია არ შეუვსია – ჰქონდა თუ არა ამის ვალდებულება?

საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოხელე ვალდებულია თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში შეავსოს დეკლარაცია და მასში ჩაწეროს დეტალური ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების ქონების, შემოსავლებისა და ძვირადღირებული ხარჯების შესახებ.

მსგავსი დეკლარაციებიდან გავიგეთ, რომ თიკა რუხაძემ მინისტრად დანიშვნის წინა დღეს 8100-ევროიანი ჩანთა იყიდა, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კი მამამ 200 000 ლარი აჩუქა.

დეკლარაციები წესით საჯაროა, ის ქვეყნდება ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე, თუმცა მასზე წვდომა მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს სადავო პარლამენტის შეკრებიდან რამდენიმე დღეში შეუზღუდეს. პრობლემა მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ მოგვარდა, როცა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილის ესაუბრა.

ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქართველი და მმართველი პარტიის დამფუძნებელია. შესაბამისად, მისი და მისი ოჯახის შემოსავლების, ხარჯებისა და ქონების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას მაღალი საჯარო ინტერესი აქვს. გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირების ქონებაზე რომ მაღალი საჯარო ინტერესია, ამაზე მიუთითებს კანონმდებლობაში არსებული ის ჩანაწერიც (მუხლი 14), რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებს წინმსწრებად ავალდებულებს დეკლარაციების შევსებას, თუმცა არა იმდენად სრულყოფილს, როგორც ამას თანამდებობაზე დანიშნულებს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იყო, სწორედ ამიტომ მას მოუწია წინმსწრებად დეკლარაციის შევსება. დოკუმენტი ჟურნალისტებმა არჩევნებამდე გამოითხოვეს ანტიკორუფციული ბიუროდან, თუმცა მხოლოდ არჩევნების შემდეგ მიაწოდა ბიურომ.

„გამარტივებული ფორმით“ შევსებულ დეკლარაციაში არ ჩანს დეტალური ინფორმაცია პოლიტიკოსის ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯებსა და შემოსავლებზე, არადეტალურადაა შევსებული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, არაა სავალდებულო ძვირადღირებული ნივთების ფასის მითითება და აქვს სხვა ნაკლოვანებებიც. მაგალითად, სპორტსმენ ლაშა ტალახაძის წინმსწრებად შევსებულ დეკლარაციაში არ ჩანდა, რომ გადეპუტატებამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროში „წამყვან სპეციალისტად“ მუშაობდა და ამაში 13 ათას ლარამდე თანხა აიღო.
მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ ხელმისაწვდომი გახადა მაღალი თანამდებობის პირთა დეკლარაციები, რადიო თავისუფლებამ არაერთი მასალა მოამზადა. ასევე გვსურდა ბიძინა ივანიშვილის განახლებული დეკლარაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, თუმცა ანტიკორუფციულ ბიუროში გავარკვიეთ, რომ მას დეპუტატის მანდატის მინიჭების შემდეგ დოკუმენტი არ შეუვსია – დეტალური ინფორმაციისთვის დამატებით საჯარო ინფორმაცია გვაქვს გამოთხოვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს დეკლარაცია უნდა შეევსო – „ეს ვალდებულება მას არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ფორმალურად ყოფნის გამო წარმოეშვა“. საპირისპიროს ამტკიცებენ „ქართულ ოცნებაში“ და „კორუფციის წინააღმდეგ კანონს“ განმარტავენ ისე, რომ რადგან ივანიშვილი თანამდებობას ორ თვეზე ნეკლები პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ეს ვალდებულება არ ჰქონდა.

არასამთავრობო ორგანიზაციაციაში დამატებით განმარტავენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონს არასწორად განმარტავს, „მათი მტკიცებით, ივანიშვილის შემთხვევაზე ვრცელდება გამონაკლისი, რომელიც ეხება თანამდებობის პირის დროებით მოვალეობის შემსრულებლებს“:

„ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა დროებით მოვალეობის შემსრულებელი, ის იყო არჩეული დეპუტატი და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა პარლამენტის მიერ. შესაბამისად, ეს გამონაკლისი მასზე არ ვრცელდება“.

იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსად მისი ყოფილი თანაგუნდელი ირაკლი ღარიბაშვილიც მხოლოდ 15 დღე იკავებდა პარლამენტის დეპუტატის თანამდებობას, მან დეკლარაცია მაინც შეავსო და ის ანიტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს და დეზინფორმაციას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.

„ქართული ოცნების“ განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო, ხოლო როგორც პარლამენტის წევრი, ის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა, რადგან თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდი 2 თვეს არ აღემატებოდა. ეს გარემოება კი, მმართველი პარტიის განცხადებით, პირს ქონებრივი დეკლარაციის შევსებისგან ათავისუფლებს.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროდან „რადიო თავისუფლებამაც“ გამოითხოვა და ამ თემას 2024 წლის 31 ოქტომბერს სტატიაც მიუძღვნა, სათაურით – „ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში”.

რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მტკიცებას, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ბიძინა ივანიშვილს „არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ყოფნის გამო წარმოეშვა“, ორგანიზაციას შევახსენებთ, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“ ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან, თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს 2 თვის ვადით.

ამავე კანონის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია.“

კანონში არსებული ზემოაღნიშნული დათქმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სიცრუეს ავრცელებს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა, 2024 წლის 25 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე, დეპუტატების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება ცნო, რომელიც მას ამავე წლის 10 დეკემბერს, მისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავება, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს.

შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button