ჯაბა კანკავა ევროპალიგის ფინალში ითამაშებს
ჯაბა კანკავა, კახა კალაძის შემდეგ, პირველი ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ევროთასების ფინალში ითამაშებს.
27 მაისს, ვარშავის “ნაროდოვიზე” ევროპალიგის შარშანდელ გამარჯვებულს, ქართველი ფეხბურთელის “დნიპრო” დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად გამოთიშა იტალიური “ნაპოლი.
2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ათენში გაიმართა, “მილანმა” 2:1 დაამარცხა “ლივერპული” და ტიტული მოიპოვა. იმ შეხვედრაში, “მილანის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ, კახი კალაძე მე-80 წუთზე შეუშვა მოედანზე, ჩეხი მარეკ იანკულოვსკის ნაცვლად.
მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, ანჩელოტი ახლა “რეალს” წვრთნის, კალაძე კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრია, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში 14 ფინალი გაიმართა ევროთასებზე და მათში არც ერთ ქართველს მონაწილეობა არ მიუღია.
და აი, გუშინ “დნიპრომ” “ნაპოლის” კიევში უმასპინძლა და გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ, 1:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში, ამ ნახევარფინალურ წყვილში, უკრაინამ მოიგო და ისტორიაში პირველად გავიდა ევროთასების ფინალში.
ჯაბა კანკავამ 90 წუთი გაატარა მოედანზე და გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. რაფა ბენიტესის ვარსკვლავებით დახუნძლული “ნაპოლი” კი უსახელოდ დაემშვიდობა ტურნირს. სხვათა შორის, 2007 წლის ფინალში “ლივერპულს” სწორედ რაფა ბენიტესი წვრთნიდა…
მეორე ნახევარფინალური დუელი კი მეტად არათანაბარი გამოდგა – შარშანდელმა გამარჯვებულმა, უნაი ემერის “სევილიამ” ფლორენციაშიც მოუგო “ფიორენტინას”, ამჯერად 2:0 და ორი მატჩის ჯამში 5:0 გაიმარჯვა. გოლები კარლოს ბაკამ და დანიელ კარიშომ გაიტანეს. მაშ ასე, ფინალში ესპანურ-უკრაინული დუელი გველის. თბილისში ჩამომსვლელ პოტენციურ გუნდთა რიცხვი კი ოთხამდე შემცირდა და რაოდენ სასიხარულოა, რომ მათ შორის ქართველი ფეხბურთელის გუნდიცაა.