ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს
ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს. ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვები იქნება შესაბამისი დაწესებულებების მიერ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ასეთი ბაზის შექმნას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. საკანონმდებლო პაკეტი 15 კანონპროექტით არის წარმოდგენილი.
როგორც უწყება განმარტავს, პროექტის მომზადება განპირობებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არარსებობით გამოწვეული სირთულეებით. კერძოდ, შს სამინისტროს ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელშიც მოცემული იქნება სრულყოფილი და სანდო მონაცემები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
“ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის “იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა.
მსგავსი სახის ნებართვის ფლობა მომეტებულ საფრთხეს უკავშირდება და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის არსებობა მეტად მოქნილსა და ეფექტიანს გახდის სახელმწიფო ორგანოთა, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციონირებას და ასევე, გაზრდის მათ მიერ მოპოვებული მონაცემების სანდოობის ხარისხს“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.