ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა თავიანთ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ

ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც სახმელეთო საზღვრით რუსეთის და ბელორუსიის მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა.
არსებული ინფორმაციით აკრძალვა მოქმედი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებს შეეხებათ და გამონაკლისი იქნება მხოლოდ სატვირთო მანქანების მძღოლები და დიპლომატები.
ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა იმედოვნებს, რომ შესვლის აკრძალვა სექტემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება, მას შემდეგ რაც ახალ წესს მთავრობები ოფიციალურად დაამტკიცებენ.
“ბოლო რამდენიმე კვირაში და თვეში მკვეთრად გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების მიერ საზღვრის გადმოკვეთა, რომლებსაც შენგენის ვიზა აქვთ. ეს ხდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხი, ეს ასევე მორალური და პოლიტიკური ხასიათის საკითხიცაა”, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა.
ფინეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ჯერჯერობით ამ აკრძალვას არ უერთდება. როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი ევროკომისიის რეკომენდაციებს ელოდებიან.
ქვეყნები უკან დააბრუნებენ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვისაც ევროკავშირის შენგენის ღია სასაზღვრო ზონაში შესასვლელი ვიზა აქვს. გამონაკლისი შეეხებათ ჰუმანიტარული და ოჯახური მიზეზების გამო შესვლის მსურველებს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებსა და დიპლომატებს.
შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებს გამარტივებული სახით არ გასცემს.