მნიშვნელოვანისიახლეები

“ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება იგივე,,-ექიმის განცხადებით მზია ამაღლობელის საპატიმროში დაბრუნების რეკომენდაციას არ გასცემენ

“ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურა ჩხაიძემ განაცხადა, რომ “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება იგივე. სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია. ასრულებს ექიმის რეკომენდაციებს, არის ექიმის მეთვალყურეობის/მონიტორინგის ქვეშ, უტარდება განმეორებითი კვლევა, რაც საჭიროა”, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

მზია ამაღლობელი, რომელიც ახლა კლინიკა “ვივამედშია” გადაყვანილი, 29-ე დღეა შიმშილობს.

მისი განცხადებით, ექიმები ამ ეტაპზე მზია ამაღლობელის საპატიმროში დაბრუნების რეკომენდაციას არ გასცემენ.

“ჩვენ ვესაუბრეთ მას, ავუხსენით მდგომარეობა”, – ამბობს ზურა ჩხაიძე.

მზია ამაღლობელს, – რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, – კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები საქართველოსა და საზღვარგარეთ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.

ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, – რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი 29 დღეა შიმშილობს, ამ დროისთვის ის კლინიკა “ვივამედშია” გადაყვანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button