ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

86 წლის ასაკში ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა.

ჯანსუღ ჩარკვიანი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ავადმყოფობდა და მკურნალობას კლინიკაში გადიოდა.

პოეტი 12 აგვისტოს ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც პოეტის შვილმა თაკო ჩარკვიანმა მაშინ განაცხადა, ჯანსუღ ჩარკვიანს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მისივე თქმით, ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის გაუარესება ნერვულ სტრესს უკავშირდებოდა.

ჯანსუღ ჩარკვიანი 1931 წელს თბილისში დაიბადა. ჩარკვიანმა 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ გამოვიდა პოეტის რამდენიმე კრებული.

1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს კი, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია.

ჯანსუღ ჩარკვიანი ღირსების ორდენის კავალერი იყო. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

მსგავსი პოსტები

Back to top button