ჯარიმებისთვის ახალი, “თავისუფლების ფონდი” ფუძნდება – საბანკო ანგარიში ინგლისში გაიხსნება

სამოქალაქო აქტივისტი, დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ დემონსტრანტების დასახმარებლად ფულის შესაგროვებლად გამოიყენებს დიდ ბრიტანეტში გახსნილ საბანკო ანგარიშს, რომელზე თანხის ჩარიცხვაც ფუნტსა და ევროში იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, ამ ანგარიშის დაყადაღება შეუძლებელი იქნება.
“ცხადია, საქართველოში რეგისტრირებული ფონდების დაყადაღება და სახლში მივარდნები ნიშნავს, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და ყველამ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდოთ ივანიშვილის გადასაგდებად.
ამიტომ მგონია, რომ საჭიროა რამდენიმე დეცენტრალიზებული ფონდი, რომელიც უცხოური ანგარიშებით და ონლაინ გადახდის სისტემებით იმუშავებს და რომლის დაყადაღებაც შეუძლებელი იქნება.
დღეს ვქმნი ,,თავისუფლების ფონდს”, რომელიც ღიაა დონაციებისთვის, განსაკუთრებით კი ემიგრანტების და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მხრიდან.
თანხების შეგროვებისთანვე, ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში. ამ ფონდს ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება.
შემდეგი დღეების განმავლობაში ვიმუშავებ სანდო მოხალისეთა ჯგუფის შემოსაკრებად, თანხმების მობილიზებისთვის და ონლაინ სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ყველა ხარჯის და დონაციის გამჭირვალედ აღრიცხვაში დაგვეხმარება. გამოვიყენებ ჩემს მართვით გამოცდილებას, რომელიც ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიებში მუშაობისას შევიძინე.
ღია ვარ ნებისმიერი დახმარებისთვის და კოლაბორაციისთვის. ცეცხლი ოლიგარქიას!”, – წერს ჯინჭარაძე სოციალურ ცსელში.
მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი იქნება სანდო მოხალისეთა ჯგუფის შეკრება, რომელიც იმუშავებს თანხების მობილიზებასა და ონლაინ სისტემის შემუშავებაში:
„ღია ვარ ნებისმიერი დახმარებისთვის და კოლაბორაციისთვის. ცეცხლი ოლიგარქიას!“
შეგახსენებთ, “ოცნებამ” ყველა ის ფონდი დააყადაღა, რომლებიც მოქალაქეებს პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდა და სხვადასხვა საქველმოქმედო მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დემონსტრანტების დახმარებაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების ანგარიშების დაყადაღებიდან რამდენიმე კვირაში, გუშინ, 29 აპრილს, პროკურატურამ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების ბინებში ჩხრეკა ჩაატარა. მათი ბინებიდან ამოიღეს კომპიუტერული მოწყობილობები.
მოგვიანებით პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლიდანაც გაირკვა, რომ ჩხრეკა ჩატარდა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
„გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – ეწერა პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნული იყო, რომ ეს ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები „მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში ისევე, როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში“.
„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 17 მარტს მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა და იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს.
ამ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.
„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, – ეწერა პროკურატურის განცხადებაში.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ოთხ თვეზე მეტია გასული – ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და “სინდისის პატიმრების” გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ შეწყვეტილა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.