მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელები დღითიდღე უახლოვდებიან გამარჯვებას

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, უკრაინამ 1620 დასახლების დეოკუპაცია განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია – უკრაინის დამცველთა დღე. თქვენი წყალობით რუსი დამპყრობლებისგან უკვე გათავისუფლდა 1620 დასახლებული პუნქტი“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აქედან ხერსონის ოლქში დეოკუპირებულია 75 დასახლებული პუნქტი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამხრეთით უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. ამჟამად რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება.

9 ოქტომბრის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით 1170 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. მათ შორის ტერნის, ოპიტნეს, ვესელეს, ნეველსკეს, ოდრადივკას, ივანჰრადის, ბახმუტის, ნოვა კამიანკას და სუჰი სტავოკის დასახლებულ პუნქტებში.

გარდა ამისა უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინელები დღითიდღე უახლოვდებიან გამარჯვებას.

“დღეს უკრაინის დამცველთა დღეა, უკრაინელი კაზაკების დღე, უკრაინის მეამბოხე არმიის დღე! მე ვამაყობ იმ მილიონი მამაცი ქალითა და კაცით, რომლებიც ახლა ჩვენს ქვეყანას იცავენ.

თქვენ ხართ საუკეთესო არმია ევროპაში, რომელსაც ყოველდღე ასობით დამპყრობლის განადგურება შეუძლია. დღითიდღე ვუახლოვდებით გამარჯვებას,” – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინელ დამცველებს 14 ოქტომბერი დღეს ზელენსკიმ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წარსულში უკრაინისთვის იბრძოდა და ვინც ახლა იბრძვის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ.

დღევანდელი დღე უკრაინის დამცველებს ასევე უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ მიულოცა. ზელენსკას თქმით, უკრაინის დამცველები უკრაინელი ხალხის თავისუფლების მხარდაჭერა და სიმბოლოა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელ ხალხს სჯერა გამარჯვების.

მსგავსი პოსტები

Back to top button