მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გაუჩინარდა

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გაუჩინარდა.

პირველი, ვინც ამ ფაქტს ყურადღება მიაქცია, რუსული გამოცემის, Медиазона-ს ჟურნალისტი დმიტრი ტრეშჩანინია. ამის შემდეგ, კიდევ ერთმა რუსულმა გამოცემამ, Агентство-მ შოიგუს ბოლოდროინდელ აქტივობებს გადახედა.

გამოცემა UNIAN რუს ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ მინისტრი საჯარო სივრცეში ბოლოს 11 მარტს გამოჩნდა.

18 მარტს, კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი შეხვდა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, მათ შორის შოიგუს, თუმცა, შესაბამისი ვიდეო, ან ფოტომასალა არ გამოუქვეყნებია. იმავე დღეს, რუსეთის პირველმა არხმა აჩვენა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ აჯილდოებს 18 მარტს, თავდაცვის მინისტრი სამხედროებს, თუმცა, კადრები ემთხვეოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ 11 მარტს გავრცელებულ ვიდეოს.

გამოცემა, რომელმაც თავდაცვის სამინისტროსგან კომენტარის მიღება ვერ შეძლო, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 11 მარტამდე შოიგუ საჯარო სივრცეში აქტიურად, დღეში რამდენჯერმეც ჩნდებოდა. რუსული გამოცემა იმასაც წერს, რომ 11 მარტის შემდეგ, საინფორმაციო სივრცეში აღარ ჩანს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვიც.

მედიის ინფორმაციით, მინისტრის გარემოცვაში ვარაუდობენ, რომ შოიგუ ცუდად არის, მას გულის პრობლემები აქვს.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.

უკრაინის და დასავლეთის სპეცსამსახურების თანახმად, პრაქტიკულად წარუმატებელი საომარი მოქმედებებისას რუსეთს საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს, რასაც ოფიციალურად არ აღიარებს. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ უახლოეს ხანში რუსეთში დაიწყებენ განტევების ვაცის ძებნას.

მსგავსი პოსტები

Back to top button