მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჯოზეფ ბორელს ევროპარლამენტარები ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მომზადებისკენ მოუწოდებენ

გაატარეთ ზომები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და ქართული ოცნების დეპუტატების წინააღმდეგ – ამ მოთხოვნით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტს ევროპარლამენტარები მიმართავენ .

ევროპარლამენტარები თიის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ “რუსული კანონის” III მოსმენით მიღების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს, ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მომზადებისკენ მოუწოდებენ. ბორელისადმი მიმართვას X-ზე (ყოფილი ტვიტერი) თიის როიტენი აქვეყნებს და წერს, რომ მათი მიზანი პროევროპულად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაა. დღესვე მან დაწერა, რომ მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მამაც ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში უწევს წინააღმდეგობას რუსული სტილის საბოტაჟს დემოკრატიაზე, კონსტიტუციასა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

ევროპარლამენტარების წერილი სამ კითხვას აერთიანებს:

წარადგენს თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მყისიერ შემაკავებელ ზომებს ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და პარლამენტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტსა” და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პოტენციურად დადებული ვეტოს დაძლევას მხარს დაუჭერენ?
დაავალებენ თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ევროპული საგარეო კავშირების სამსახურსა (EEAS) და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს (DG NEAR), შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან (თუ ეს არ ეხება ზემოხსენებული კანონის გაუქმებას), მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის თანხების გამოყოფა.

“ამ დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით, გვინდა დაგისვათ შემდეგი გადაუდებელი კითხვები:

1. 27 მაისის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დაწყებამდე შესთავაზებთ თუ არა მინისტრებს მიზანმიმართული შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესებას ბ-ნი ივანიშვილის, ბ-ნი კობახიძისა და ბ-ნი პაპუაშვილისთვის, ისევე როგორც მსგავსი ზომების დაწესებას საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის მიმართ, ვინც ხმას მისცემს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას?

2. თქვენ და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი დაავალებთ თუ არა საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიურ მისიას , შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანი არ არის კანონის გაუქმება. მათ შორის ამ ფინანსური მხარდაჭერის გადანაწილებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად. ასევე აპირებთ თუ არა თავი შეიკავოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისგან, სანამ კანონი ძალაშია?

3. აპირებთ თუ არა ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში საქართველოს ელჩის გამოძახებას, იმისთვის რომ მასთან ეს კანონი დაგმოთ და განიხილავთ თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესაძლებლობას?” ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

დღესვე გამოქვეყნდა ბორელის მიმართ მიწერილი ღია წერილი, რომელსაც 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ ხელს – ამ წერილის მოთხოვნაც საქართველოს ევროპული მისწრაფებების დასაცავად ქმედითი ზომების მიღებაა. 13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.

ამასთან ჯოზეფ ბორელს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივი წერილით მიმართავენ 12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართავს. საკუთარ მიმართვაში ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის მიღების გადაწყვეტილებით. ამასთან, მინისტრები მოუწოდებენ ბორელსა და ვარჰეის ზეპირად განაცხადონ, რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას 9 ნაბიჯის შესრულებაზე.

ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ საქართველოში სწრაფად გაუარესებული ვითარების გამო მინისტრები შეშფოთებით მიმართავენ ევროკომისიის წარმომადგენლებს. როგორც წერილშია აღნიშნული, ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ადგას იმ გზას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის შესაძლებლობას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიწიოს.

“რამდენადაც საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ, მიუხედავად შეშფოთების მრავალი სიგნალის როგორც საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების, ისე საქართველოს პარტნიორების მხრიდან, ჩვენ უნდა ვიპოვოთ შემდგომი გზები, რათა გავუგზავნოთ ცალსახა გზავნილი თბილისს, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია საქართველოს პროგრესთან ევროკავშირის გზაზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, 12 ევროპელი მინისტრი აღნიშნავს, რომ ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დათრგუნვა არ შეესაბამება დემოკრატიასა და ევროპულ ღირებულებებს.

“მთავრობის შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან საკუთარ გამოსვლაში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემაც გააძლიერა.

ახლა პირდაპირ და ცხად გზავნილს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, უნდა იქნა მითითებული კონკრეტული შედეგები, თუ საქართველოს მმართველი პარტია მიიღებს კანონს, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითადად ნორმებსა და ღირებულებებს. ჩვენი პრინციპული პოზიცია და მტკიცე ქმედება არის ის, რასაც ჩვენგან ელის ქართველი ხალხი, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის.

ამ ვითარებაში გთხოვთ უზრუნველყოთ ევროკომისიის ზეპირი განცხადება იმაზე, თუ რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას 9 ნაბიჯის შესრულებაზე. ასევე გთხოვთ, ამ საკითხს მიენიჭოს პრიორიტეტი და უზრუნველყოთ, რომ ეს კანონის საბოლოო მიღებამდე მოხდეს” – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები.

მსგავსი პოსტები

Back to top button