კრიმინალი

ჯუჯიკო – ლია კამლაძის ბლოგი

მაშინ ისეთი ბიჭი მომწონდა, ჩემიანებს მისი სახელის გაგონება არ უნდოდათ.

ახლობლების გაღიზიანებას მეც ვერიდებოდი და ,,იმასთან” შესახვედრად ჯუჯიკოსთან (ზურიკო) ერთად მივდიოდი, (ვითომ ბავშვს ვასეირნებდი. მაშინ ზურა 5 წლის იყო).

ერთხელაც, ,,მზიურში”წავედით, კარგად გავერთეთ და სახლში რომ ვბრუნდებოდით, ზურას ვუთხარი ,,თუ იტყვი, რომ წითელ მანქანაში ვიჯექით, მე მოვკვდები-თქო” (ვიფიქრე, ბავშვს რამე არ წამოცდეს).

მოვედით…დეიდაჩემი ტანსაცმელს უცვლის და თან ამბებს ეკითხება ,,კარგი იყო?, ბევრი ითამაშე?” და ამასობაში ზურა ყვება…

მერე მანქანაში ჩავჯექითო და…აქ გამოიჭირა დეიდაჩემმა (ერთი გაავებული მზერა მეც მესროლა)…

ზურიკოს დაუყვავა და ეკითხება ,,რა ფერის მანქანა იყოო” (გამაცია)…ბავშვი დაფეთებული თვალებით მიყურებს, მე ვერაფერს ვშვრები და….პაუზა…

ბოლოს, ,,მწვანე” – თქვა ზურამ და ყველამ ამოვისუნთქეთ…

ოჯახში კვლავ სიმშვიდემ და სიყვარულმა დაისადგურა…რამდენიმე დღის შემდეგ ენა ვერ გავაჩერე და მე თვითონ ვთქვი ყველაფერი, თუმცა ზურიკო არაფრით არ ამბობდა და რომ ეკითხებოდნენ ისევ ,,მწვანეს” იძახდა…

ბოლოს ვუთხარი ,,დეიდა, მე უკვე ვთქვი და შენ რატომ არ ამბობ სიმართლეს-მეთქი”… ,,აბა, შენ რომ თქვი, მოვკვდებიო” – ტირილნარევი ხმით მეუბნება.

ჩემი ჯუჯიკო ახლა დიდი და კარგი კაცია და მე ბოდიშს ვუხდი, მაშინ რომ ასე ვანერვიულე (ბავშვებს ჩვენ უბრალოდ ვუყვარვართ და ჩვენი სჯერათ)…

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button