მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ 62 დაღუპულის ცხედარი დააბრუნა

უკრაინამ 62 დაღუპულის ცხედარი დააბრუნა, რომელთა შორის არიან სარაკეტო დაბომბვის შედეგად ელენოვკას (უკრაინულად ოლინივკა) საპატიმროში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცებიც, ამის შესახებ ინფორმაცია 11 ოქტომბერს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ გაავრცელა.
„შედგა დაღუპული სამხედროების გადაცემის მორიგი ოპერაცია. 62 დაცემული ჯარისკაცი შინ დაბრუნდა“, – აცხადებენ უწყებაში.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, გადმოსვენებულთა შორის ზუსტად რამდენი ელენოვკაში დაღუპული ჯარისკაცია.

სარაკეტო იერიშის შედეგად 29 ივლისის ღამეს დონეცკის რაიონის სოფელ ელენოვკაში მდებარე სასჯელაღსრულების კოლონიის ერთ-ერთი ყაზარმა განადგურდა.
დაიღუპა სულ მცირე 50 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთმა უკრაინელი პატიმრების მასობრივი მკვლელობა მოაწყო, ერთი მხრივ, უკრაინული ძალების დადანაშაულებისა და დისკრედიტაციის მიზნით, და მეორე მხრივ, იმ განზრახვით, რომ არ დაეშვა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის ეფექტური იარაღის მიწოდება.

მოსკოვმა განაცხადა, რომ კოლონიაზე იერიში უკრაინულმა მხარემ აშშ-ისგან დახმარების სახით მიღებული HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან განახორციელა.

შეგახსენებთ, ოლენივკას ციხეში, რომელიც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ დონეცკში მდებარეობს, დაბომბვის შედეგად მინიმუმ 50 უკრაინელი ტყვე დაიღუპა. რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებები დაბომბვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button