მნიშვნელოვანისიახლეები

ჯუთის დაზიანებული გზა და პოტენციური საფრთხე

მოქალაქეები სოციალურ ქსელში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლის, ჯუთისაკენ მიმავალი დაზიანებული გზის ფოტოებს ავრცელებენ და პოტენციურ საფრთხეებზე საუბრობენ. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტიც ეხმაურება.

სურათებში ნათლად ჩანს, რომ გზის ერთი მხარე ჩამოშლილია. ადგილობრივების თქმით, გზა რამდენიმე თვის წინ დაზიანდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მასზე ამ დრომდე არ შეწყვეტილა საავტომობილო მოძრაობა -ინტერნეტმომხმარებლები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეს გზა, რომლის ცალი ზოლიც ჩამოშლილია ახალი ტრაგედიის მიზეზი შეიძლება გახდეს.
“ჯუთასკენ მიმავალ გზაზე, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში ჯუთადან, გზის სავალი ნაწილის ქვეშ მდინარეს მიწის ნაწილი აქვს ჩამოშლილი, გზა ჰაერშია, ზედა მხარეს კი მეწყრული პროცესია დაწყებული, შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნება, ისევ უყურადღებობის და უმოქმედობის გამო.” – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

მედიასთან საუბარში საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს რომ გზა თითქმის ერთი თვეა დაკეტილია, “მაგრამ ცალ ზოლზე მაინც დადიოდნენ ავტომობილები.” უწყების თქმით, გზის გამაგრებისთვის უკვე არსებობს პროექტი და პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

ჯუთას გზის პროექტი საჯაროდ ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე არ არის. არც ის არის ცნობილი, რა ვადა დაჭირდება გზის გამაგრების სამუშაოებს და ვინ იმუშავებს მაღალმთიან რეგიონში გზის გაკეთებაზე.

გავრცელებულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმაურება. 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ სამშენებლო სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება, ხოლო საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

“ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია.

როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი.

2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი.

მიმდინარე წლის 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება.

კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს. მომდევნო კვირიდან კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება.” – ნათქვამია განცხადებაში.

ჯუთაში დაზიანებული გზის ფოტოების გავრცელების ფონია რაჭის მეწყერი, რომელსაც ამ დროის ინფორმაციით 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება – დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button