“კაბელების საქმეზე” დაპატიმრებულები დაახლოებით ორ თვეში გათავისუფლდებიან

თავდაცვის სამინისტროს ე.წ. „კაბელების საქმეზე“ დაპატიმრებული მაღალჩინოსნები საპატიმროს დაახლოებით ორი თვის ვადაში დატოვებენ, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ მათ ბრალს, გაფლანგვას, კვალიფიკაცია შეუცვალა და ის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად მიიჩნია – რამაც სასჯელის ხანგრძლივობის შემცირება გამოიწვია.

შეცვლილი კვალიფიკაციით, მსჯავრდებულებმა საპატიმროში ერთი წელიწადი და ექვსი თვე უნდა გაატარონ – რა ვადიდანაც მათ უკვე მოხდილი აქვთ წელიწადი და ოთხი თვე – ნაცვლად შვიდი წლისა, რასაც გაფლანგვის ბრალდება ითვალისწინებდა. მსჯავრდებულთა ადვოკატები მიიჩნევენ, რომ დაპატიმრებულები სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილშიც უდანაშაულონი არიან და აპირებენ დავის ზედა ინსტანციებში გაგრძელებას. ადვოკატები არ გამორიცხავენ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 16 მაისს სცნო დამნაშავედ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი და სასჯელის სახედ მსჯავრდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ განაჩენს მიიჩნევდა უსამართლოდ, უკანონოდ და დაუსაბუთებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button