“კადიროველები” ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავიდნენ
ომის 199-ე დღე უკრაინაში

დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში ე.წ.კადიროველები ჩაიყვანეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„ხერსონის ოლქის დროებით დატყვევებულ ტერიტორიებზე რუსული ჯგუფის გასაძლიერებლად, ეროვნული იდენტობის საფუძველზე ჩამოყალიბებული ე.წ. „კადრივეცის“ დანაყოფი, 1 300-მდე ადამიანით, ჩამოვიდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ. 8 სექტემბერს გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია ხარკოვის ოლქის რამდენიმე სოფლის, ასევე ქალაქ ბალაკლეიას დეოკუპაციის შესახებ, რომელიც 6 თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ იყო.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათმა ძალებმა სამ დღეში, ზოგიერთი მიმართულებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 50 კმ სიღრმეზე შეაღწიეს. 1-ელი სექტემბრის შემდეგ კი ოკუპაციისგან ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. აღნიშნა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ბალაკლეას შემდეგ, ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები თვლიან, რომ უკრაინელებს შეუძლიათ კუპიანსკის გათავისუფლება 72 საათში. კუპიანსკი მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც უზრუნველყოფს მტრის დაჯგუფებას უკრაინის აღმოსავლეთში.
ამასთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც უკრაინული მედია წერს, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის არმიის მიერ დონეცკის და ხარკოვის რაიონებში განხორციელებული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული.
უკრაინის არმიამ იერიში მიიტანა ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემანაიაში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე, რის შედეგად რუსეთმა 400-მდე ჯარისკაცი და 100 ერთეულამდე სამხედრო ტექნიკა დაკარგა.