მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კადიროველები საქართველოში-რუსული ესკორტი ქვეყნის არაერთ ადგილს სტუმრობდა

საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ესკორტი რამზან კადრიოვის უახლოესი გარემოცვის წევრის, ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეგ ახმედ-ხანოვისაა. რუსული ესკორტი სტუმრობდა არაერთ ადგილს, მათ შორის იმყოფებოდა თბილისსა და ბათუმში.
ბათუმში გადაღებულ ფოტოზე ერთ-ერთი მერსედესის მარკის მანქანის ნომერი ემთხვევა მანქანას, რომელიც ჩეჩენი ბიზნესმენის ასლანბეკ ახმეტხანოვ სულთანოვიჩის ინსტაგრამ გვერდზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს.

საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილებას ეხმაურება “ევროპული მდგრადობის ინიციატივის ცენტრის” დამფუძნებელი სერეგეი სუმლენი და წერს, რომ სერია, რომელიც ესკორტის მანქანებზე ფიქსირდება რუსეთში ძირითადად დანაშაულებრივი სამყაროს, მთავრობის, ანდა სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის გაიცემოდა.

სუმლენი აღნიშნავს, რომ აღნიშნული სერია ახლად დარეგისტრირებულ ავტომანქანებზე აღარ გაიცემა და მემკვიდრეობით გადაიცემა სისტემის შიგნით.

“777 -77 ეს არის ე.წ. “ბლატნოი” ნომრები, რომლებიც, როგორც წესი, რუსეთში გაიცემა დანაშაულებრივი სამყაროს, რუსეთის ხელისუფლებისა ანდა სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის. საინტერესოა, რომ სერია “77” ოფიციალურად აღარ არსებობს ახლად დარეგისტრირებული ავტომობილებისთვის, თუმცა მემკვიდრეობით გადაეცემათ სისტემის შიგნით”, – წერს სუმლენი.

საქართველო კადიროვის გარემოცვის უსაფრთხო კორიდორი, თუ ბიზნესგარიგებების ადგილი. როგორ და რატომ შემოუშვეს უპრობლემოდ ჩვენს ქვეყანაში ჩეჩენი ბიზნესმენი, მისი ესკორტი და შეიარაღებული პირები ამ თემაზე აღმსარულებელი ხელისუფლება ისევ დუმს. არადა უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ასლანბეკ ახმედხანოვის კოლონა საგზაო წესების უხეში დარღვევით გადადგილდებოდა და მას 13 ვიდეო ჯარიმა აქვს გამოწერილი.

ასლანბეკ ახმედხანოვის საქართველოში ვიზიტის გამართლებას დღეს ერთხმად ცდილოდა “ოცნების” საპარლამენტო გუნდი. კრიმინალურ სამყაროსთან შეზრდილი კადიროვის გარემოცვის წევრების თავისუფლად სიარული საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ქვეყნისთვის საფრთხეა ამის აღიარება, დღეს უმრავლესობას კატეგორიულად არ სურდა.

ფაქტია, რომ კადიროვთან დაახლოებული პირები საქართველოში ქართული სპეცსამსხურების და მესაზღვრეების თანხმობის გარეშე ვერ შემოვიდონენ. გროზნოდან გაქცეული ჩეჩენი ბლოგერები წერენ, რომ სავარაუდოდ ასლანბეკ ახმედოვმა საქართველოს ტერიტორია თურქეთში ტრანზიტისთვის გამოიყენა და ეს პირველი შემთხვევაც არ ყოფილა.

ამ ადამიანების ცხოვრების წესი და მანერა არის ერთი თემა, რომელიც შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ კადიროველებად და დივერსანტებად მათი მონათვლა, არასწორია – კადიროველი სხვა რამეა! – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

ვოლსკი თქმით, ჩამოსულთა შორის გროზნოს გადაყენებული მერი იყო, რომლის სახელიც მან არ იცის, “მაგრამ შეიძლება ელენე ხოშტარიამ იცოდეს“.

მისივე განცხადებით, ეს ის თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებში აღმოჩნდეს“.

“შექმნილ ვითარებაში საზოგადოებისთვის ყველა სტუმარი შეიძლება მისაღები არ იყოს ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს, მაგრამ გროზნოს ყოფილი მერი – გადაყენებული, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, კადიროველებად მონათლო და დააბრალო, რომ საქართველოში დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით შემოვიდნენ, არასწორია. შეიძლება ამასთან დაკავშირებით სხვა აზრი გქონდეს, ერთი ადამიანი – ერთს ფიქრობს და მეორე – სხვანაირად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ის თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებში აღმოჩნდეს. კონტროლი ინტენსიურია ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც საქართველოს საზღვარს ჰკვეთს.

კადიროველი სხვა რამეა! კადოროველი არის თემა, რომელიც ბოევიკების ჯგუფს, შეიარაღებული დაჯგუფების ადამიანებს უკავშირდება. ესენი ჩამოსული არიან რუსეთის ფედერაციიდან – კავკასიიდან, რომელსაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა 2010 წლიდან აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ არ უნდა ქვეყანა “კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს”.

“არავის გვინდა კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ეს ქვეყანა. ნამდვილად არ გვინდა… მით უმეტეს, რაღაც ძალოვანი აქცენტების მქონე, ვიღაც გაუგებარი ადამიანები (რომლებსაც თავის ქვეყანაში და არა – საქართველოში, როგორც ბევრი წერდა სოციალურ მედიაში, იარაღით ფოტოები აქვთ გადაღებული).

მიუხედავად ამისა, მე რამდენადაც მოვიკითხე, მათ არც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული და არც სხვა რამ ქმედება ჰქონდათ ჩადენილი, რომელიც მესაზღვრეს მიანიშნებდა, რომ მათი ქვეყანაში შემოშვება არ შეიძლება… თუ სურვილს მეკითხებით, არ მომწონს ასეთი აქცენტის მქონე ადამიანების ხილვა საქართველოში… მეც მოვიკითხე. როგორც ვიცი, შემოვიდნენ, დაისვენეს და გავიდნენ”, – ამბობს დეპუტატი.

ცნობისთვის, 3 ივნისს სოციალური ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება რუსულნომრიანი ესკორტი ქვეყნის მასშტაბით. ესკორტი, სავარაუდოდ, რამზან კადიროვის გარემოცვის წევრის, ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეგ ახმედხანოვისაა.

თბილისში რუსული ესკორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით კომენტარი არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოების მექანიზმის მოშლაზე საუბრობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button