მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კაია კალასი საქართველოში მიმდინარე რეპრესიებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

კაია კალასის კომენტარი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასეს "ქართულ ოცნებაში"

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად ახდენენ ზეწოლას იმ ადამიანებზე რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას ახორციელებენ. აქვე, კალასი შეშფოთებას გამოთქვამს დაკავებების გამო, ეს ყველაფერი კი უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
“შეშფოთებული ვართ ადამიანების დაკავების გამო”- თქვა კალასმა.

მისი თქმით, ზეწოლას ახდენენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

“ზეწოლას ვახორციელებთ იმ ხალხზე, რომლებიც სჩადიან ძალადობას მშვიდობიანნი დემონსტრანტების წინააღმდეგ”- თქვა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მისი ოჯახის წევრის რუსული ბიზნესინტერესები თბილისიდან შეახსენეს. სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კაია კალასის განცხადება მიუღებელია.

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე კითხეს. კაია კალასმა თქვა, რომ ევროპაში შეშფოთებულები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებებისა და მათზე განხორციელებული ძალადობის გამო.

მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ევროკავშირი მმართველი გუნდის მისამართით სამართლიან პოლიტიკას აწარმოებს და საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებით არის დაინტერესებული.

საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა – ასე აფასებენ კაია კალასის განცხადებას სახელისუფლებო გუნდში. მმართველი პარტიის წევრებისთვის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიცია იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ ევროპული ბიუროკრატია არა ევროპული ფასეულობების მიხედვით, არამედ “დიფ სთეითის” დღის წესრიგით მოქმედებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს შეიკრიბნენ და უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესაძლებლობა განიხილეს.

სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაზე უკეთესი იქნება, კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე მოახდინოს ზეწოლა და ოჯახის წევრებს რუსებთან ბიზნესურთიერთობები შეუზღუდოს, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას.

მისი თქმით, „ევროკავშირის ბიუროკრატიამ საკუთარი საცეცები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ სხვადასხვა ქვეყნებში არა იმ ქვეყნის, ევროკავშირის და ევროპული ინტერესებისთვის, არამედ „დიფ სთეითის“ და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესებისთვის იბრძვიან, უნდა დაასრულოს“.

„სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაზე უკეთესი იქნება, კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე მოახდინოს ზეწოლა და ოჯახის წევრებს რუსებთან ბიზნესურთიერთობები შეუზღუდოს. რაც შეეხება ევროკავშირის ბიუროკრატიას, უკვე დროა ამ ბიუროკრატიამ საკუთარი საცეცები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ სხვადასხვა ქვეყნებში არა იმ ქვეყნის, ევროკავშირის და ევროპული ინტერესებისთვის, არამედ „დიფ სთეითის“ და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესებისთვის იბრძვიან, დაასრულოს. ამ ყველაფრის მაგალითი აიღოს აშშ-სგან და იმ პროგრესული იდეებისგან, რომელიც ევროპას მოეწოდება ვაშინგტონიდან იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ეს აღვირახსნილი ჩარევის მცდელობა საბოლოოდ აღიკვეთოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის შეფასებით, კაია კალასის განცხადება არასერიოზულია.

მახაშვილი განმარტებით, კონკრეტულ პირებს აქვთ ინტერესი, შექმნან ალტერნატიული დღის წესრიგი და ხელი მიაშველონ რადიკალურ ოპოზიციას.

“არასერიოზულია. რაც იკვეთება და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ კონკრეტული პირების მხრიდან არის პირადი ინტერესი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ინტერესი, რომ შექმნან ალტერნატიული დღის წესრიგი და ხელი მიაშველონ რადიკალურ ოპოზიციას, მათ ნაბიჯების კიდევ უფრო გარადიკალებაში. ამას ვაკვირდებით მხოლოდ და მხოლოდ. სხვა რამე საინტერესო არც მისგან და არც მისი კოლეგებისგან არ მოგვისმენია”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button