მნიშვნელოვანისიახლეები

ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე და ახლა მას რაღაც სანქციებით ემუქრებიან

ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე, რისკის ქვეშ დააყენა თავისი ოჯახი და ახლა მას რაღაც სანქციებით ემუქრებიან. ხომ უნდა მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი შანტაჟს არ ექვემდებარება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მიჰყვება ეროვნულ გზას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო.

„გიორგი გახარიას პარტიას საკრებულოებში კოალიცია აქვს „ნაცმოძრაობასთან“. თქვენ რომ გქონდეთ ვიღაცასთან კოალიცია და ამას მე მაბრალებდეთ, ანუ გაღმა შედავების პრინციპი აყვანილია კუბში. ეს ადამიანები ერთ ქვაბში იხარშებიან, ერთ საქმეს აკეთებენ, ერთ დავალებას ასრულებენ და ერთი მესიჯბოქსი აქვთ. ვერ დარწმუნდნენ და გაითავისეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფული კი არა, 2012 წელს საკუთარი თავი და ოჯახი გადადო, მაშინ სასწორზე საკუთარი სიცოცხლე დადო. რამეს ვაჭარბებ? რა რეჟიმი იყო და რა სისასტიკე „უპრავდებოდათ“, დაგავიწყდათ? ამ დროს ადამიანმა ყველაფერი გადადო და ზემოდან დაამატა თავისი სიცოცხლე. მაშინ რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და თავი, ახლა ამ ადამიანს ემუქრებიან რაღაც სანქციებით, ხან ორი მილიარდით, რისთვისაც მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ბანკი ჩამოშალეს. არ შანტაჟდება, ხომ უნდა მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი შანტაჟს არ ექვემდებარება? არც მის მიერ დაფუძნებული პარტიის წევრები ექვემდებარიან შანტაჟს. ამ ადამიანმა ასე დაიწყო და მის გარეშეც ჩვენ ასე ვაგრძელებთ. ახლა პოლიტიკიდან წასულ ადამიანს ებრძვიან. იმ გზას მივყვებით, რაც ამ კაცმა დაიწყო, პირველ რიგში, ეროვნული. საქართველოა პირველი და ეს რამენაირად დაიჯერონ. ხომ უნდა მიხვდნენ, რომ საქართველოა პირველი და სხვა ყველა დანარჩენი შემდეგაა. ასევეა უდიდესი მიზანი – ევროპა და ევროპელობა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეროვნული ინტერესებიდანაა დასალაგებელი, არა ისე, როგორც მეტყვით, ისე ვიზამ, ხალხს არაფერს ვკითხავო. ასე ალაგებდნენ, რაც აღარ მოხდება საქართველოში. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში უნდა მიიღებოდეს და ევროპულობა ნიშნავს ღირსებას, ქრისტიანობას, ტრადიციებს, წარსულის, აწმყოს პატივისცემას და ამაზე დაფუძნებულ მომავალს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ბიძინა ივანიშვილს სანქციებით რაც არ უნდა დაემუქრონ უცხოეთიდან, ეს ვეღარ ჭრის. იმ ადამიანის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ვინც საკუთარ რესურსებს თავისი ქვეყნისთვის გადადებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ მიდიხარ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია ხალხის თვალში ნდობას ვერასოდეს დაიმსახურებს.

„რადიკალურ ოპოზიციას მეთოდები დაუძველდა. საკუთარი ფულის დაცვა ყველას აინტერესებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები არ აინტერესებს, რადგან სასწორზე დგას საქართველოს ბედი და ამ ადამიანმა ყოველთვის საქართველოს სასარგებლოდ გადაწონა და არა – პირადი სახსრების. ბიძინა ივანიშვილს სანქციებით რაც არ უნდა დაემუქრონ უცხოეთიდან, ეს ვეღარ ჭრის. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ საქართველოს უახლესი ისტორია არ იციან – იმ ადამიანის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ვინც საკუთარ რესურსებს თავისი ქვეყნისთვის გადადებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ მიდიხარ. ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია ხალხის თვალში ნდობას ვერასოდეს დაიმსახურებს. „ნაცების“ ერთ-ერთმა ანასხლეტმა რაც გააკეთა, როცა სავარძელი გამოიტანეს, უკვე სასაცილოც აღარ არის. ბოლოს „ნაცმოძრაობაში“ სავარძელი დარჩა, რომელიც გასაყიდად გამოიტანეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რადიკალურ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პოლიტიკური ინტერესი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას ეწევა.

„უშველებელი სიაა იმ კეთილი საქმეების, რაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს გაუკეთებია ქვეყნისთვის ყოველგვარი დაყვედრებისა და დივიდენდების მოთხოვნის გარეშე. ერთი ფაქტიც არ არსებობს ისეთი, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პირადი რესურსით სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება. რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას ეწევა და ბიძინა ივანიშვილზე ეს არის შეტევა. რაც შეეხება ამ პროცესში სოჩას მონაწილეობას, დიდი ხანია, კრის სოჩა „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეა და გარკვეულ საკითხებში მათი გამაერთიანებელია. ამის მიუხედავად, ის საკმაოდ გონიერი ადამიანია და არ მიმაჩნია, რომ ისიც ისე ფიქრობდეს, როგორც ლევან ხაბეიშვილი.

რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელის დერეფნებში დადის და ამ საკითხის გააქტიურებას ცდილობს. ბიძინა ივანიშვილზე შეტევა დიდი ხანია, მიმდინარეობს. ეს ადამიანი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილს თავისი ქვეყნისთვის რამდენიმე მილიარდი აქვს დახარჯული და რადიკალური ოპოზიცია ტაშს უკრავს, რომ მას შვეიცარიის ბანკთან პრობლემა აქვს და მისი თანხები შეჩერებულია, თუმცა ზუსტად იციან, რომ ნებისმიერი ცენტი ქვეყნის სასარგებლოდ იხარჯება. მათ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პოლიტიკური ინტერესი აქვთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, გიორგი გახარია აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს, კრის სოჩას დამოუკიდებლად შეხვდა და არა – „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა პარტიის წევრებთან ერთად.

მისივე თქმით, პარტნიორები ქვეყნის ან მოქალაქის მიმართ ნებისმიერ სანქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ ამისთვის კონკრეტული საფუძველი ექნებათ.

„რეალობა ისაა, რომ გიორგი გახარია იმ სასტუმროში მისული იყო იმისათვის, რომ შეხვედრა უნდა გამართულიყო. ეს შეხვედრა არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ან სხვა პარტიის წევრებთან ერთად. ფაქტობრივად, თავად, დამოუკიდებლად შეხვდა. ეს ყველაფერი, იცით, რომელი ჟანრიდან არის? თითქოს ამერიკაში გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს სასტუმროში რომ შეხვდა, „კოკაინშიკი“ რომ არის. ეს იაფფასიანი ტყუილებია. გიორგი გახარიამ რაზე ისაუბრა, ამაზე ხომ არ ვსაუბრობთ? იმის თქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეხვდა და ქვეყნის სანქცირებას ითხოვდა – ტყუილსაც ხომ რაღაც საზღვარი უნდა ჰქონდეს?

ვინც ეს ტყუილი გაავრცელა, მათ ადგილზე გიორგი გახარიას ეთერში მივიწვევდი და იქ დაველაპარაკებოდი, რას ხედავს, როგორ ხედავს და იმას მაინც ვკითხავდი, ვის შეხვდა და რაზე ისაუბრა. ნებისმიერ სანქციას, რომელიც ქვეყანას ან მის მოქალაქეს ეხება, ჩვენი პარტნიორები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ მათ კონკრეტული საფუძველი ექნებათ. ეს საფუძველი რა შეიძლება იყოს? მაგალითად, ის, რომ რუსეთს ეხმარება სანქციების თავის არიდებაში, რუსეთს ეხმარება უკრაინაში ომის წარმოებაში და ასე შემდეგ. თუ ასეთი საფუძვლები იარსებებს, მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, დასანქცირდება. ამერიკამ მოსამართლეების დასანქცირებისას კონკრეტული საფუძვლები წამოაყენა და თქვა, ამ მიზეზებიდან გამომდინარე ვიყენებთო. თუ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, როგორც წარმოგიდგენიათ? მოვლენებს არ უნდა გავასწროთ, ეს პროცესი სურვილებზე ხომ არ არის აწყობილი, აწყობილია ფაქტებსა და მტკიცებულებებზე“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილთან ერთად შეხვედრები გამართა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსთან, კრის სოჩასთან, სადაც მისი თქმით, სანქციების საკითხიც იყო განხილული. ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობდა გიორგი გახარიაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button