კახა კოჟორიძე: მთავრობამ იცოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება
საქართველოს მთავრობამ ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იცოდა და ამიტომაც მოხდა ათონელზე მდებარე შენობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განუცხადა.
კოჟორიძემ ჟურნალისტებს 2014 წლის ივლისით დათარიღებული წერილიც წარუდგინა, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის თაობაზე საქართველოს მთავრობას ინფორმაციას აწვდის.
მისი ვარაუდით, ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლის საკითხის გააქტიურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია.
“ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით ვვარაუდობთ, რომ დღეს ამ საკითხის კვლავ გააქტუალურება უკავშირდება იმ სამწუხარო მოვლენას, რასაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჰქვია პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია. ვვარაუდობთ იმასაც, რომ ეს საკითხი დღეს აქტუალური არ გახდებოდა, პრეზიდენტს რომ თავის დროზე ასეთი ხასიათი არ გამოევლინა”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.