კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ის პარლამენტს ტოვებს, თუმცა რჩება გუნდში – პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში და იმუშავებს პროექტზე.
ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე და იმედი მაქვს, ეს დიდწილად შევძელი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე კახა კუჭავა წერს.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ეს პერიოდი, საკმაოდ რთული გახლდათ როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე მის გარეთ განვითარებული პროცესებით. ამ ხნის განმავლობაში ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე და იმედი მაქვს, ეს დიდწილად შევძელი. ყოველთვის მჯეროდა, რომ სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა დაიწყოს გაერთიანება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის.
მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს მათი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერებისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
ვულოცავ, ჩემს მეგობარსა და კოლეგას, შალვა პაპუაშვილს და ვუსურვებ წარმატებას!“ – წერს კახა კუჭავა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.
“კახა კუჭავამ მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ამის მიზეზს ის თავად განმარტავს. მე პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. მისი ეს გადაწყვეტილება, მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ჩვენ პატივს ვცემთ. შესაბამისად, პოლიტიკურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება ცნობად მიიღო. კახა ბუნებრივია ჩვენი პარტიის ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერად რჩება და ის იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტზე, რომელსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის შემცვლელს, კობახიძის თქმით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ამ თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება გიორგი ამილახვარის კანდიდატურა.
მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატებიან ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.
საკანონმდებლო რეფორმების პროცესი, სხვა სტანდარტზე უნდა ავიყვანოთ, საჭიროა იმ წლების განმავლობაში, რომელიც პარლამენტს 2024 წლამდე დარჩა, საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციის ბაზების დაახლოვება ევროკავშირთან , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტზე წარადგინა.
როგორც პაპუაშვილმა მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განაცხადა, 2022 წლიდან პარლამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, საპარლამენტო პროცესებში ოპოზიციის ჩართვა იქნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილს მომავალ კვირაში აირჩევენ. რიგგარეშე სხდომები 29-30 ოქტომბერს არის მოწვეული, სადაც მომავალი სპიკერის არჩევა მოხდება.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
რეგლამენტით, პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან.
რაც შეეხება არჩევის პროცესს, პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს.
აქვე გაცნობებთ იმას რომ კახა კუჭავას, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში გია ცაგარეიშვილი შეცვლის. “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში, ადგილმონაცვლე სწორედ გია ცაგარეიშვილია.სწორედ ცაგარეიშვილი არის მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში მომდევნო წევრი, რომელსაც პარლამენტის წევრობა უწევს.
გია ცაგარეიშვილი „ქართული ოცნების“ სიაში რიგით 62-ე ადგილზეა. იგი იყო 2008-2012, ასევე 2011-2016 წევის მოწვევის პარლამენტის წევრი.
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ დღეს განაცხადა. მოგვიანებით აღნიშნა, რომ საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.