მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

„ოცნებიდან“ ისევ „ნაციონალებთან“ – ოქრიაშვილი „ძალა ერთობაშია“-ს შეუერთდა

ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი, რომელიც დეპუტატი ბოლოს „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გახდა, დღეს საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშია“-ს შეუერთდა. კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა პარტია „პროგრესი და თავისუფლება” ცოტა ხნის წინ დაარსეს. დღევანდელი მემორანდუმის მიხედვით, რომელსაც ოქრიაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს ხელი, „პროგრესი და თავისუფლება“ და „ძალა ერთობაშია“ ერთად გავლენ არჩევნებზე.

ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ და ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს ძალა ერთობაშია. ჩვენ ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია პროგრესი და თავისუფლება იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემო.

ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი, რომ დავამარცხოთ სიდუხჭირე და მყისიერად შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

ოქრიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პარტიის „პროგრესი და თავისუფლების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირებით გამოვიდა, ოქრიაშვილი ინიციატივას არ დაეთანხმა. მოგვიანებით „ოცნებამ“ საკუთარი ინიციატივა შეცვალა და საბოლოოდ პარლამენტმა 120/30 პრინციპით დაამტკიცა, სადაც 30 დეპუტატი მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული. ამის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად აღარ დაასახელა.

კახა ოქრიაშვილი პარლამენტის დეპუტატი აქამდე ოთხჯერ გახდა, 2004, 2008, 2012 და 2016 წლებში. პირველად ის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, 2008 და 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, 2016 წელს კი „ქართული ოცნების“. აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილმა ოთხივეჯერ დმანისის რაიონში მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა.

რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელს, ის პარლამენტის წევრი 2004-2008 წლებში იყო, როდესაც გაიმარჯვა ახალგორის რაიონის მაჟორიტარულ არჩევნებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button