კახელი გლეხები ყურძნის სუბსიდირებაზე თანხის გაზრდას ითხოვენ

“ვენახს იმდენი მოვლა-პატრონობა უნდა, ყურძენი ლარნახევარი მაინც უნდა ღირდეს” – ასე ეხმაურებიან კახელი გლეხები, მთავრობის ინიციატივას რთველის სუბსიდირების თაობაზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წელს, რქაწითელის ჯიშის ყურძნის სუბსიდიას, სახელმწიფო 35 თეთრით დააფინანსებს.
” იმდენი მოვლა და პატრონობა უნდა, 90 თეთრი რა ფასია. რასაც ჩვენ ხარჯს ვეწევით, შხამ- ქიმიკატებს ვყიდულობთ, მუშა- ხელს ვუხდით და საწვავს ვხარჯავთ, ერთი კილოგრამი ყურძენი, სულ ცოტა 1, 50 ლარი მაინც უნდა ღირდეს. დაპირება სხვა იყო და ჩვენ ფასის გაზრდას ველოდებოდით”- ამბობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები გლეხი.
მოსახლეობა საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებასაც ითხოვს და არც იმის იმედი აქვს, რომ ღვინის ქარხნები დაპირებულ ფასს გადაიხდიან.
” დავუშვათ, სახელმწიფომ გადაიხადა, 35 თეთრი.ვინ იცის, ქარხანა რამდენს მოგვცემს. თავისი ვენახები აქვთ, რად უნდა ჩემი მოსავალი. მაქსიმალურად ეცდება ნაკლები გადაიხადოს.ან საფერავმა რა დააშავა, მაგის მოყვანა უფრო ძვირი ჯდება, ზოგი თორმეტჯერ წამლის, გააჩნია, რა მდგომარეობა ექნება ვენახს და შხამ- ქიმიკატების ფასს გადახედეთ”- აცხადებს, რადიო ჰერეთთან, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი.
ყურძნის საბოლოო ფასზე ჯერ არ ჩამოყალიბებულან ღვინის ქარხნები. ამ ეტაპზე, ისინი კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ.
განცხადება, ყურძნის მოსავლის სუბსიდირების თაობაზე, დღეს, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი განმარტებით, ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის საშუალო ფასი, 90 თეთრი იქნება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 50-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა.
კახეთის რეგიონში მცხოვრები მევენახეებისგან ყურძენს, პირდაპირი შესყიდვის გზით, მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული შპს “მოსავლის მართვის კომპანიაც” შეიძენს.გლეხებისგან შეძენილი ყურძნით, ღვინო-მასალა და საკონიაკე სპირტი დაამზადდება.
2021 წლის განახლებული ბიუჯეტით, მთავრობა მიმდინარე წლის რთველზე, სულ 138.4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.