მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

არის განსხვავებული აღქმები ჩვენსა და ევროკავშირს შორის და ეს იწვევს პოზიციების შეუსაბამობას-ზალკალიანი

ევროკავშირის წარმომადგენლობის კრიტიკას და განცხადებებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც ეხმაურება. ზალკალიანი ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები “მნიშვნელოვნად შეასრულა”, თუმცა მათ და ევროკავშირს განსხვავებული აღქმები აქვთ, “რაც პოზიციების შეუსაბამობას იწვევს”.

“მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ კითხვა იმ განცხადებებისა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისე, თითქოს საქართველომ შეიცვალა კურსი და გადაუხვია დასავლურ კურსს… ძალიან მკაფიოდ იყო გუშინდელ განცხადებაში და მინდა წავიკითხო: “ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ საქართველოს ხელისუფლებს გადაწყვეტილებას და ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა”.
აქ ხაზს ვუსვამ სიტყვას – “საკმარისად”, რადგან ეს არის საკვანძო სიტყვა ამ განცხადებაში

აქ არის სწორედ პრობლემა, რომ ევროკავშირი აღნიშნავს რაღაც ნაწილში, რომ ის იღებს იმ რეფორმებს, რაც მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა, რაღაც ნაწილში კი ამბობს, რომ ეს არის არასაკმარისი.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვნად არის შესრულებული. აქ არის განსხვავებული აღქმები ჩვენსა და ევროკავშირს შორის და ეს იწვევს პოზიციების შეუსაბამობას”, – აცხადებს ზალკალიანი.

შეგახსენებთ ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობის შესრულება.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი 31 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლება “თავს შეიკავებს” ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button