კახელი მევენახეების ნაწილი შემოდგომაზე ჩაბარებული ყურძნის საფასურს ორი თვეა უშედეგოდ ითხოვს

კახელი მევენახეების ნაწილი შემოდგომაზე ჩაბარებული ყურძნის საფასურს ორი თვეა, უშედეგოდ ითხოვს.
მევენახეები დილიდან წინანდლის ღვინის ქარხანასთან შეიკრიბნენ და ყურძნის მიმღები კომპანიისგან, დავალიანების თაობაზე პასუხი მოითხოვეს.
კომპანია ” ართეგს” მევენახეების ასი ათასობით ლარი მართებს და დაზარალებული ოჯახების რაოდენობა თითქმის ოთხასს აღწევს.
მევენახეები ამბობენ, რომ მოსავალი საბანკო კრედიტით მოიყვანეს და ვალის გადაუხდელობის გამო, ბანკის მიერ ყოველდღიურად ჯარიმდებიან.
” ვალით მოვიყვანეთ მოსავალი და ბანკს ვეღარ ვისტუმრებთ. ყოველდღე 50- 100 ლარით გვაჯარიმებენ, ბანკი ამას გაპატიებს? ჯერ გვითხრეს, ღვინოს გავყიდითო, ახლა ღვინო იქნებ არც ივარგოსო.მთელი წლის მოსავალი ეს არის, ოჯახებსაც ამით ვარჩენთ. ბანკი მაინც გაგვიჩერონ, რაღაცით დაგვეხმარონ. არავინ გვეკონტაქტება , საერთოდ”- ამბობენ მევენახეები.
რადიო ჰერეთმა გაარკვია, რომ კომპანია ” ართეგს”წინანდლის ღვინის ქარხანა დაქირავებული ჰქონდა.
კომპანია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე იძებნება და რეგისტრაციის მისამართად, თბილისში ნაკაშიძეების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი აქვს მითითებული.