კახელი ფერმერების ნაწილი მიწას ვეღარ ამუშავებს

კახეთში ფერმერების ნაწილი მიწას ვეღარ ამუშავებს, ნაწილმა კი სამუშაოები აგროვადების დარღვევით ჩაატარა.
ფერმერი სპარტაკ წიკლაური რადიო “ჰერეთთან” საუბარში აცხადებს, რომ რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტზე გადასახადის მინიმუმამდე შემცირებამ, შხამქიმიკატებისა და საწვავის სიძვირემ ბევრ მწარმოებელს მიწის დამუშავებაზე უარი ათქმევინა.
” შარშანდელი მოსავალი ისევ სარეალიზაციოა. 48 თეთრამდე ღირს ქერი და ხორბალი. თუ ეს არ გაიყიდა, სათესლე მარცვლეულს როგორ ვიყიდით, ორ ლარამდეა ერთი კილოგრამი გაძვირებული. მე პირადად, წელსღა დავთესე, დიდი გაჭირვებით. ბევრმა მიწა ვეღარ დაამუშავა,, ზოგმა გააქირავა. დედოფლისწყარო ბეღელია, აქ თუ მოსავალი არ მოვიდა, სხვაგან სად მოვა. რუსეთიდან შემოდის ყველაფერი უმცირესი დაბეგვრით. ჩვენთან საწვავიც ძვირია და შხამქიმიკატებიც. რეალიზაციას ვერ ვაკეთებთ და საყიდელი ფული საიდან გვექნება. ხარჯი ბევრად მეტი გამოდის, ვიდრე შემოსავალი. ფულის უქონლობით, აგროვადებიც დავარღვიეთ. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა გამოიწვია, რომ მიწების ნაწილი დაუმუშავებელი დარჩა. ბოლოს, ადამიანი იძულებული გახდება მიწა გაყიდოს “- ამბობს წიკლაური.
უკვე მეორე წელია, მარცვლეულის მომყვანი ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან იმპორტზე დროებითი გადასახადის, კვოტების ან სუბსიდირების მექანიზმის გამოყენებას ითხოვენ.
პრობლემის შესახებ, გარემოს დაცვის ადა სოფლის მეურნეობის სამინისტრიში კომენტარი აღარ კეთდება. არც ის არის ცნობილი, შემუშავდა თუ არა გეგმა, შექმნილი ვითარების შესაბამისად.
მარცვლეულის რეალიზაციაში ხელშეწყობის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები კახეთში რამდენჯერმე მოეწყო.
მთავრობამ დროებითი საიმპორტო გადასახადი ქერზე, ქატოსა და ფქვილზე სექტემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა დაღერღილი მარცვლეული ქვეყანაში კვლავ ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით შემოდის.