კახეთის 3 საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა
თელავის ორ და გურჯაანის ერთ- ერთი სოფლის სკოლებში, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თელავში კოვიდ- 19 მოსწავლეებს, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტში სკოლის თანამშრომლებს დაუდასტურდათ.
თელავში დაფიქსირებული ორი შემთხვევიდან, ერთი, ალავერდის ეპარქიას დაქვემდებარებულ სასწავლო დაწესებულებაში გამოვლინდა.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კლასები, რომლებშიც მოსწავლეები სწავლობენ, ორ კვირიან იზოლაციაში გადაიყვანეს და ისინი სასწავლო პროგრამას ონლაინ- რეჟიმში გაივლიან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელში კი, სკოლა ორკვირიან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ჯღუთაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თელავში, სკოლების დაკეტვის აუცილებლობა არ დგას.
“თელავში დაფიქსირდა ორი შემთხვევა, ორ სკოლაში. ეს კლასები ღვითიზოლაციაში არიან გადასულები. სკოლების დაკეტვა არ არის აუცილებელი და არც პედაგოგების იზოლაცია, რადგან მასწავლებელი იცავს წესებს, ატარებს პირბადეს და იკავებს დისტანციას”- განაცხადა ჯღუთაშვილმა.
სასწავლო პროცესი კახეთის საჯარო სკოლებში, 1 თებერვალს განახლდა. მშობლის გადაწყვეტილებით, მოსწავლეს შეუძლია, სწავლა ონლაინ- რეჟიმში გააგრძელოს, რისთვისაც ის სპეციალურ საიტზე უნდა დარეგისტრირდეს.