კახეთის გუბერნატორი რეგიონის სამედიცინო პერსონალს ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდებს
სამედიცინო პერსონალს ვაქცინაციაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს კახეთის გუბერნატორი. ირაკლი შიოშვილის განმარტებით, რეგიონის მედ-პერსონალთან შეხვედრა, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ჩატარდა.
“ახლა რეფერალურ ჰოსპიტალში ადგილზე ვეცნობი, როგორ დაიწყო ვაქცინაციის პროცესი რეგიონში. ჯერ ვაქცინა არ იყო შემოსული რომ შეხვედრა ჩავატარეთ სამედიცინო პერსონალთან. უმრავლესობისგან თანხმობა მივიღეთ აცრებში ჩასართავად. მინდა მივმართო მათ, ვისაც გადაწყვეტილება არ მიუღია, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასაძლევად. ვაქცინა გვაქვს, კიდევ შემოვა და ყველამ უნდა მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა”- განაცხადა შიოშვილმა რადიო ჰერეთთან.
ვაქცინაცია კახეთში დღეს, თელავის რეფერალური ჰოსპიტალიდან დაიწო.
პირველი ვაქცინა კახეთში უკვე გაკეთდა. საჯარო აცრა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კქხეთის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვლმა ჩაიტარა.
რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში აცრა 17 მარტიდან დაიწყება.
სამედიცინო პერსონალის გარკვეული ნაწილი, ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს. ექიმები შიშობენ, რომ პრეპარატის გვერდითი მოვლენები, ბოლომდე შესწავლილი არ არის.
სულ რეგიონში, ასტრა ზენეკას ვაქცინის 1900 დოზა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, 12 მარტს შევიდა და ვაქცინაციისათვის 13 სამედიცინო დაწესებულება დარეგისტრირდა