კახეთის მუნიციპალიტეტები ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას ვერ ასაბუთებენ

ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებმა კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს 178 ათასი ლარი გადაურიცხეს, მაგრამ საბიუჯეტო თანხის ხარჯვის მიზნობრიობა დაუსაბუთებელია – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი.
აუდიტის შესაბამისობის ანგარიშის თანახმად, 2018- 2019 წლებში სააგენტოს, თელავის მერიამ 95 ათასი, ყვარლის მერიამ 29 ათასი, ხოლო გურჯაანის მერიამ, 62 ათასი.ლარი გადაურიცხა.
სახელმწიფო აუდიტი თვლის, რომ მუნიციპალიტეტებმა საბიუჯეტო თანხები ისე გამოიყენეს, რომ მისი ხარჯვის მიზნობრიობას ვერ ასაბუთებენ.
” მუნიციპალიტეტებმა ორგანიზაცია დააფინანსეს ისე, რომ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, დახარჯული საბიუჯეტო სახსრებიდან, რა სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტემა. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის მიზანშეწონილობა დადასტურებული არ არის”- ნათქვამია დასკვნაში.
კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს ამჟამად, კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია ეწოდება. ორგანიზაცია მულტიმუნიციპალურია და მისი მიზანი ტურიზმის განვითარება და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვაა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თინათინ ხანჯალიაშვილი, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტების პოზიცია, მისთვის გაუგებარია.
” ყოველწლიურად ვაბარებთ ანგარიშს, რასაც შემდეგ ელექტრონულად ვუგზავნით. 2019 წელსაც გაფართოებული შეხვედრა ჩატარდა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოც გვესწრებოდა და საკრებულოებიც. 2020 წელსაც ჩავაბარეთ ანგარიში და გავუგზავნეთ ელექტრონულად. ცოტა გაუგებარია, რატომ არ ფლობენ ინფორმაციას”- განაცხადა ხანჯალიაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც 2020 წელსაც გადაურიცხა ააიპის 80 ათასი ლარი, განაცხადეს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაზე ინფორმაცია აქვთ. მუნიციპალიტეტის მერმა, რადიო ჰერეთს პრესსამსახურის საშუალებით უპასუხა, რომ ყველა ინფორმაციას ფლობს და ააიპის მუშაობით კმაყოფილია.
კითხვას, რატომ ვერ ასაბუთებს გახარჯული საბიუჯეტო თანხის მიზნობრიობას, შოთა ნარეკლიშვილმა პასუხი არ გასცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში კი განაცხადეს, რომ გასული წლების ანგარიში ნაწილობრივ წარმოდგენილია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მუნიციპალიტეტებისგან, გადარიცხული თანხების მიზანშეწონილობის დასაბუთებასა და კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობით მიღებული სარგებლის თაობაზე მსჯელობას ითხოვს.
ავტორი,
ხათუნა გულიაშვილი