რეგიონი

კახეთის ყანებს თაგვი გაუჩნდა

კახეთის ყანებში დათესილ მარცვალსა და უკვე აღმოცენებულ თავთავს თაგვები ჭამენ.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც მღრღნელები უკვე ასობით ჰექტარს ანადგურებენ.

ფერმერები დიდ ზარალს ელოდებიან და ამბობენ, რომ თაგვის გაჩენას კლიმატურმა პირობებმა განსაკუთრებით შეუწყო ხელი. მათი ინფორმაციით, თვეზე მეტია, დედოფლისწყაროში ნალექი არ ყოფილა, რამაც მღრღნელების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა.

” 20 იანვრის შემდეგ, ნალექი არ ყოფილა, არც თოვლის და არც წვიმის სახით. იმისათვის, რომ თაგვი არ გამრავლდეს, ყინვა და სიცივე სჭირდება. სადაც სოროებში აქვთ , გარშემო ღარც მარცვალს,არც ყანა. წამლები შეგვაქვს, მაგრამ იმდენის განადგურებას ასწრებენ, ზარალი დიდი იქნება”– ამბობენ ფერმერები, რადიო ჰერეთთან.

სოფლის მეურნეობის დედოფლისწყაროს საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერი, გია ბენაშვილი უკვე დაზიანებული ფართობის რაოდენობას არ ასახელებს, თუმცა ადასტურებს, რომ მღრღნელებმა უკვე საკმაოდ დიდი ფართობი გაანადგურეს.

” ფართობი რამდენია დაზიანებული, ამას ვერ გეტყვით, თუმცა თაგვი ყველგან გაჩნდა და კლიმატი ამას ხელს უწყობს. ჩვენ, ყანებში წამლის შეტანის ვალდებულება არ გვაქვს, ფერმერებს იფორმაციითა და კონსულტაციებით ვეხმარებით. საკმაოდ ბევრი გვაკითხავს და თუ დეტალური ინფორმაცია გნებავთ, პრესსამსახურს მიმართეთ”– განაცხადა ბენაშვილმა.

რა სახეობის თაგვია გავრცელებული ყანებში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

საქართველოში ხორბლის მოსავალი წლიდან წლამდე იკლებს და მას ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილება უჭირს.

კახეთში, ხორბლის ყანების ფართობი, უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია, რადგან გლეხებს შესაბამისი ტექნიკა და ფული არ აქვთ. მცირეა, მსხვილი ფერმერების მიერ მოყვანილი მოსავლის წილიც.

ხორბლის დეფიციტისა და სხვა ქვეყნებზე ბაზრის დამოკიდებულების გამო, პურის ფასი საქართველოში რამდენჯერმე გაიზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button