რეგიონი

კახეთის ყველაზე მდიდარი და უსახლკარო მერები

კახეთის რვა მუნიციპალიტეტის ახლადრაჩეულმა მერებმა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები 2021 წლის ბოლომდე შეავსეს.

კანონის თანახმად, დეკლარაციაში მათ სახელზე რეგისტრირებული ქონება, ფასიანი ქაღალდები, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა აისახოს.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერებს, საკუთარი საცხოვრებელი სახლები არ აქვთ.

დოკუმენტის მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ანდრიაშვილსა და მის მეუღლეს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი არ უფიქსირდებათ.
დეკლარაციაში უძრავი ქონების სახით, მხოლოდ ანდრიაშვილის მიერ, თელავში ალაზნის გამზირზე, 2700 ამერიკულ დოლარად 2019 წელს შეძენილი, 540 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჩანს.

თელავის მერის მეუღლე, თეა მაისურაძე, რომელიც ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა, საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთ ბანკში, ანაბრის სახით 3736 ევროსა და 8550 დოლარს ფლობდა.
ელჩის თანამდებობაზე მუშაობისას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაისურაძეს ანაზღაურების სახით, 64.655 ევრო აქვს მიღებული.

თავად ლევან ანდრიაშვილს, შსს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, 22.572 ლარის ოდენობის შემოსავალი მიუღია.
2019 წელს, ლევან ანდრიაშვილს აღებული აქვს 34.000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი, რომლის გადახდა მან, 2024 წელს უნდა დაასრულოს.

დეკლარაციის თანახმად, თელავის მერსა და მის მეუღლეს, არ აქვთ ფასიანი ქაღალდები, არ მიუღიათ საჩუქრები და არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში.
საცხოვრებელი სახლი, ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციის მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერსაც არ აქვს.

საანგარიშო პერიოდში ჯონდო მდივნიშვილს, სახელფასო ანგარიშზე 336, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 2088 ლარი ერიცხებოდა.

მას ასევე ჰქონდა 21 ათასი ლარის, ხოლო მის მეუღლეს, ნინო ჩალაძეს 11 ათას ლარიანი დანაზოგი.
მდივნიშვილის ვაჟმა, ჯუმბერ მდივნიშვლმა, შპს პრისიჟენ სერვისიდან , 19 260 ლარის შემოსავალი მიიღო.

2007 წელს, ლაგოდეხის მერის მეუღლემ, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში 30 ათას ლარად ღირებული ბინა შეიძინა, რომელიც ჯონდო მდივნიშვილს გასული წლის დეკლარაციაში ჰქონდა ასახული, თუმცა ახალი დეკლარაციის მიხედვით, მერის და მისი ოჯახის წევრების სახელზე, ბინა რეგისტრირებული არ არის.

2015 წელს, მდივნიშვილის მეუღლეს, ნინო ჩალაძეს, მსუბუქი ავტომანქანაც შეუძენია, მაგრამ ახალ დეკლარაციაში, ავტომობილის მესაკუთრეც აღარ ჩანს.
ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტის მიხედვით, ლაგოდეხის მერი და მისი ოჯახის წევრები, არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ მიუღიათ საჩუქრები და არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში.

ახლადარჩეულ მერებს შორის, ყველაზე შთამბეჭდავად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ქონება გამოიყურება.
ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციის მიხედვით, თავად მერი, საგარეჯოში ერთი, ხოლო თბილისში, ორი საცხოვრებელი სახლისა და ავტოფარეხის მფლობელია.მას ასევე აქვს მიწის ნაკვეთი და ორი მსუბუქი ავტომანქანა, რომლებიც 2019 წელს შეუძენია.

ავთანდილ გულიკაშვილი შპს საგარეჯოს დირექტორი და შპს ჯიო XXI- ის 15,%- იანი წილის მფლობელია, საიდანაც 2020 წლის ბოლომდე 259.999 ათასი ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
საგარეჯოს მერს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან საძოვრის იჯარის ხუთწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და 9 ათასი ლარი აქვს გადახდილი.

გულიკაშვილის ქალიშვილი, ნინო გულიკაშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლს და ავტოფარეხს თბილისში, ოთხ მიწის ნაკვეთს საგარეჯოსა და სოფელ გიორგიწმინდაში.

ბინას და ავტოფარეხს თბილისში, ფლობს, საგარეჯოს მერის მამა, შალვა გულიკაშვილიც.
ავთანდილ გულიკაშვილის მეუღლე ირმა ოთარაშვილი ფლობს საცხოვრებელ ბინებს, საგარეჯოსა და თბილისში, ოთხ მიწის

ნაკვეთსა და ორ არასაცხოვრებელ ფართს საგარეჯოში.
თანამდებობრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციის თანახმად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, რეგიონის რვა მერს შორის, ყველაზე შეძლებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button