“კახეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებები ფაიზერის ახალი ვაქცინით უკვე შეივსო “

“კახეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებები ფაიზერის ახალი ვაქცინით უკვე შეივსო “- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვაქცინა, რომელსაც 31 მარტამდე ჰქონდა ვადა, უკვე ჩამოწერილია.
“ყველგან ჩამოწერილია ძველი ვაქცინა და კახეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებები შეივსო ახალი ვაქცინებით. შენარჩუნდა 200 და 100 ლარიანი წახალისების პროგრამებიც და იმედი გვაქვს, რომ ორშაბათიდან ვაქცინაცია ახალი ტემპით დაიწყება. ყველას ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ აიცრას და გაიკეთოს ბუსტერიც” – განაცხადა ხიზანიშვილმა.
საქართველოში და მათ შორის, კახეთის რეგიონში პფაიზერით აცრა შეჩერებული იყო.
აცრის მსურველი მოქალაქეებისათვის მხოლოდ სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები იყო ხელმისაწვდომი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა გამოუყენებელი დარჩა და მარტის ბოლოს ვადა გაუვიდა.
კახეთის რეგიონში ვაქცინაციის ჩატარება თითქმის ყველა სამედიცინო ცენტრშია შესაძლებელი.