კახეთის სამ მუნიციპალიტეტში მეთევზე ბრაკონიერები დაიჭირეს

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში მეთევზე ბრაკონიერები დაიჭირეს. ლაგოდეხში, ყვარელსა და დედოფლისწყაროში, მოქალაქეები თევზის დასაჭერად, ე.წ. ელექტროშოკურ აპარატებს და ჩოგან ბადეებს იყენებდნენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, უკანონო თევზჭერა შესაძლოა კომერციული მიზნებითაც ხდებოდეს.
“გამოვლენილია გასაბერი ნავი, ასევე ელექტროშოკური აპარატები, ჩოგან ბადეები, დენის წყაროები. აღმოვაჩინეთ უკანონოდ მოპოვებული თევზიც. ერთ-ერთ მუნიციპლიტეტში სამართალდამრღვევი უკვე ადგილზე აღარ იმყოფებოდა. ხშირია ასეთი შემთხვევები, რომ ყველაფერს ადგილზე ტოვებენ და გარბიან. ნავებითა და აკრძალული საშუალებებით თევზჭერას, ხშირად, კომერციული მიზნებით აწარმოებენ, რაც კანონით ისჯება”- აცხადებენ დეპარტამენტში.
რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ბრაკონიერობის ფაქტები, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მომხდარზე რეაგირებას სამართალდამცავი უწყებები მოახდენენ.