მნიშვნელოვანირეგიონი

“კახეთს თავისი აეროპორტი სჭირდება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი.

ამის შესახებ მან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში განაცხადა, სადაც სასტუმრო “ახაშენი – ღვინის კომპლექსი” გახსნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთის და თუშეთის ტურისტულ პოტენციალზე გამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ააღორძინოს კახეთის რკინიგზა, რომლის ინფრასტრუქტურაც 90-იანი წლების შემდეგ საგრძნობლად არის დაზიანებული.

“რა თქმა უნდა, თუშეთი და კახეთი არ შეიძლება ცალ-ცალკე განვიხილოთ. მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თბილისიდან სამჯერ შევამციროთ საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობა თუშეთის მიმართულებით. ეს ყველაფერი ერთიანობაში მოიტანს გაცილებით უფრო მაღალ დინამიკას და რა თქმა უნდა, ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ამ რეგიონში. ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი და ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, პირველ ეტაპზე, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს.

ვფიქრობ, რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანა მოგეხსენებათ, რომ ჯდება უზარმაზარი თანხები და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე არის წარმოუდგენელი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს სასტუმრო არ არის მხოლოდ და მხოლოდ სასტუმრო. ეს არის იმ ძალიან დიდი წარმატების ნაწილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს ხდება. ეს წარმატება ნამდვილად მოგვიტანს იმას, რომ ჩვენ ჩამოვალთ აქ, ვნახავთ ბავშვებს ხვალინდელი დღის იმედით გაბრწყინებული თვალებით, ვნახავთ წელში გამართულ ქართველ გლეხს, ფერმერს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახავთ გაბრწყინებულ საქართველოს, ამ ულამაზესი ღვთისგან ბოძებული ბუნებით, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელსაც უნდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი პოსტები

Back to top button