რეგიონი

კახეთში 12 წლის გოგონა გაათხოვეს

ფაქტის შესახებ, ორი წლის თავზე, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.
რადიო ჰერეთის ექსკლუზიური ინფორმაციით, ქორწინება 12 წლის გოგონასა და 25 წლის მამაკაცს შორის, 2020 წელს, ოჯახების ორმხრივი თანხმობით მოხდა.

ინფორმირებული წყარო, რადიო ჰერეთს უყვება, რომ გოგონა და მამაკაცი კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები არიან და ისინი ერთმანეთს ნათესავმა გააცნო.
მამაკაცის ადვოკატი ადასტურებს, რომ ქორწინება ორმხრივი, ოჯახებსა და დასაქორწინებელ პირთა შორის მოლაპარაკებით მოხდა.

მამაკაცის ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიატრიული ექსპერტიზა აქვს დანიშნული.

” დეტალებს ბუნებრივია, ვერ მოგიყვებით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რის მეშვეობითაც უნდა გაირკვეს, რამდენად აცნობიერებდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავისი მოქმედების არამართლზომიერებას. ასე დგას საკითხი და ვნახოთ, რას იტყვის ექსპერტიზა, ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული”- ამბობს ადვოკატი.

გოგონა, რომელიც ახლა უკვე 14 წლისაა, ერთ- ერთ თავშესაფარში იმყოფება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ნაადრევი ქორწინებები იურიდიულ პრაქტიკაში, საკმაოდ ხშირად გვხვდება, რაც კანონმდებლობის გამკაცრების საფუძველიც გახდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კახეთის ოფისის ხელმძღვანელი, მარეხ მგალობლიშვილი განმარტავს, რომ ნაადრევ ქორწინებების საკითხს, არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად სწავლობენ.

” გვხვდება პრაქტიკაში ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ. იყო პერიოდი, როცა სასჯელი მსუბუქი იყო, მაგრამ შემდგომში, 16 წელს მიუღწეველ პირთან კავშირის გამო, კანონმდებლობა უფრო გამკაცრდა. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა გოგონას ასაკი იმდენად მცირე იყო, მიუხედავად ორმხრივი თანხმობისა, სამართლადამცავები გაუპატიურებად განიხილავდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მიმართულებით მუდმივად მუშაობენ და მართლაც ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი”– განაცხადა მგალობლიშვილმა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 140- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7- დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კანონმდებლობის თანახმად, ადრეულ ქორწინებად ითვლება ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის.

სპეციალისტების აზრით, საქართველოში ადრეული ქორწინების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.
ის მოლდოვეთისა და თურქეთის მაჩვენებელს უტოლდება და აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებელს აჭარბებს.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button