კახეთში 4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა
დღეს, 21 აპრილს, დაახლოებით 10:10 წუთზე კახეთში 4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე, ავტომატურ რეჟიმში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ გურჯაანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კილომეტრში მდებარე სოფელ ბალღოჯიანში. ბიძგები იგრძნობოდა კახეთის თითქმის ყველა ქალაქში.
ამ დროისთვის არ არსებობს ცნობა ზიანის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კმ-ში მიწისძრა მოხდა 20 აპრილს,16:53 წუთზეც.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე იყო 3.6 მაგნიტუდა. მიწისქვეშა ბიძგები 24 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ყურადღება – დაზუსტება:
სეისმური მონიტორინგის ცენტრმა მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.
ცენტრის თავდაპირველი მონაცემებით, 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა გურჯაანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კილომეტრში, სოფელ ბალღოჯიანიდან 2 კილომეტრის მოშორებით, 5 კილომეტრის სიღრმეზე. მოგვიანებით ცენტრმა დააზუსტა, რომ 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ყვარლიდან აღმოსავლეთით 9 კილომეტრში, სოფელ ახალსოფელთან 35 კილომეტრის სიღრმეზე.