მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

კახეთში, სასტუმრო “ყვარლის ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 მაისს, აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესები დღეს გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონულ სასამართლოებში გაიმართება. ამის შესახებ მედიასთან დაკავებულთა ნაწილის ადვოკატმა, ბაადურ გულიაშვილმა განუცხადა. ის ახლა გურჯაანის სასამართლოში იმყოფება, თუმცა დაზუსტებით არ ეუბნებიან როდის დაიწყება პროცესი.
18 დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. მათი ნაწილი თბილისში, ნაწილი საგარეჯოში ნაწილი კი, ყვარელშია.
“როგორც მითხრეს, დაკავებულების ნაწილი ორი საათის წინ თელავიდან და საგარეჯოდან წამოიყვანეს სასამართლოზე, მაგრამ მე ადგილზე ვარ და ჯერ არვინ მოუყვანიათ”, – თქვა ადვოკატმა.

დაკავებულთა ნაწილის უფლებებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” იცავს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა თეო ზირაქაშვილმა განაცხადა რომ ზოგ მათგანს დაზიანებები აღენიშნება.

“ეს დაზიანებები მიღებული აქვთ დაკავების პროცესში. მშვიდობიანი პროტესტი იყო და დაკავება შეიძლება ითქვას, რომ მოხდა ძალის გადამეტებით”, – თქვა ზირაქაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ 19 პირი იყო დაკავებული. ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება 18 მათგანი. ერთი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობიდან” თბილისის საკრებულოს წევრია, 20 მაისსვე გაათავისუფლეს. ეძგვერაძის სასამართლო პროცესი 25 მაისისთვის გადაიდო.

20 მაისის აქციების დროს ერთ-ერთი ბოლო ვინც დააკავეს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ფარულავაა. ლაშა იმ დროს დააკავეს, როდესაც საგარეჯოს პოლიციასთან სხვა დაკავებულების მოსანახულებლად მივიდა.

საგარეჯოს გარდა დაკავებულები იმყოფებიან გურჯაანის და თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორებში. მხოლოდ “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიაა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა არიან გადაყვანილი ზაჰესში. მათი პროცესი თელავში გაიმართება.

საპროტესტო აქციისას დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 18 პირი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.

მოგვიანებით, კიდევ ერთი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საგარეჯოს პოლიციის შენობასთან გამართეს და სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარიას“ ჩართეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button