რეგიონი

კახეთში ათი შვილის მამა გაქურდეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრებ ათშვილიან ოჯახს სოციალური დახმარების მისაღები ბარათი მოპარეს.

ბარათთან ერთად დაიკარგა ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, მართვის მოწმობა და სხვა საბანკო ბარათებიც.

შემთხვევა ტაქსში მოხდა, როცა მამაკაცმა, რომელსაც დოკუმენტები ეკუთვნოდა, თელავის ერთ-ერთ უბანში, მგზავრი გადაიყვანა.

” ზოგჯერ ვტაქსაობ, ათი შვილი მყავს, უფროსი 23 წლის და უმცროსი 2 წლის, შემოსავალი ხომ გვჭირდება. ღამე იყო და არ ვიცი, ვის შეიძლებოდა ამოეღო ამდენი დოკუმენტი, ერთად. სოციალური დახმარების მისაღები ბარათიც ამ საბუთებთან ერთად იდო. ახლა იძულებული ვართ, რომ ყველაფერი განვაახლოთ. ზოგიერთის ხელახლა აღებას თანხა სჭირდება, რასაკვირველია. პოლიციისთვის არ მიმიმართავს, ჩემით ვაკეთებ ახალ საბუთებს.”– ამბობს მამაკაცი.

კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი, ჯემალ ბაღათრიშვილი ამბობს, რომ თუ მოქალაქე სამსახურს მიაკითხავს, მას დოკუმენტების განახლებაში დაეხმარებიან.

” დახმარებას იღებენ საბანკო ბარათებით და თუ მოგვაკითხავს, ყველაფერს ავუხსნით და დავეხმარებით. მათთვის ყველა ინფორმაცია ჩვენთან ხელმისაწვდომია”– განმარტა ბაღათღიშვილმა.
დაკარგული დოკუმენტების დაბრუნების თხოვნით, ოჯახმა განცხადება სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, თუმცა ამ წუთამდე, არავინ გამოხმაურებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button